ალექსანდრე შერვაშიძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება
18 მაისს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში მხატვრის, სცენოგრაფის, ხელოვნების კრიტიკოსისა და აფხაზეთის მთავართა – შერვაშიძეების საგვარეულოს შთამომავლის, ალექსანდრე შერვაშიძის, რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ფეოდოსიაში დაბადებული, გადასახლება გამოვლილი, ქართველ-აფხაზი არისტოკრატების ოჯახის წარმომადგენლის – ალექსანდრე შერვაშიძის მრავალმხრივი შემოქმედებითი მოღვაწეობა ჩამოყალიბდა და განვითარდა რუსეთისა და ევროპის კულტურულ ცენტრებში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში.
„გამოფენა ასახავს ალექსანდრე შერვაშიძის – მხატვართა გაერთიანება Мир искусства-ს საპატიო თავმჯდომარისა და პარიზის მხატვართა საზოგადოების წევრის შემოქმედებით გზას. 1909 წლიდან ის საერთაშორისო გამოფენების აღიარებული მონაწილე გახდა. მან შექმნა უნიკალური სახვითი ენა, რომელიც აერთიანებდა ქართულ, რუსულ და ევროპულ მხატვრულ ტრადიციებს.
გამოფენაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ა. შერვაშიძის საქმიანობას სცენოგრაფიასა და კოსტიუმების დიზაინის სფეროში, მის თანამშრომლობას დიდ რეჟისორ ვსევოლოდ მეიერხოლდსა და პეტერბურგის საიმპერატორო თეატრთან, მოგვიანებით კი – სერგეი დიაგილევის ლეგენდარულ რუსულ ბალეტთან. ა. შერვაშიძის სცენოგრაფიული ნამუშევრები (სპექტაკლები „ტრისტანი და იზოლდა“, „მასხარა ტანტრისი“, „პრომეთე“, „შოთა რუსთაველი“ და სხვ.) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადრეული მოდერნისტული თეატრისა და ბალეტის გამომსახველობითი ენის ჩამოყალიბებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილია ალექსანდრე შერვაშიძის მიერ შესრულებული სცენოგრაფიული და კოსტიუმების ესკიზები, ფერწერული ნამუშევრები, ილუსტრაციები, მისი პირადი არქივის დოკუმენტები, ფოტომასალა და აფიშები, რომლებიც ასახავს მხატვრის ნაყოფიერ და წარმატებულ საქმიანობას ლონდონში, პარიზში, ბრიუსელში, მადრიდსა და მონტე-კარლოში.
1958 წელს ა. შერვაშიძის მიერ საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და სოხუმის სურათების გალერეისთვის ნამუშევრების გადაცემამ ნათლად წარმოაჩინა ხელოვანის უსაზღვრო სიყვარული სამშობლოსადმი, რაც, იმავდროულად, საქართველოში მისი სიმბოლური დაბრუნებაც იყო.
სერჟ ლიფარის შეფასებით, ალექსანდრე შერვაშიძე იყო სერგეი დიაგილევის რუსული ბალეტის მხატვრული იდეების სულისჩამდგმელი, დასავლეთში თეატრალურ-სამხატვრო რევოლუციის აქტიური მონაწილე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებიდან შერჩეული 250 ექსპონატი.
პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში..
გამოფენის კურატორია ნანა შერვაშიძე.
გამოფენა 16 ივნისამდე გასტანს.