ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია როსტომ ჩხეიძეს გადაეცა

12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღისადმი მიძღვნილი პროექტი „დღე როცა ვერ მოჰკლეს ილია“, საზოგადოებრივი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ინიციატივით მეხუთედ გაიმართა.
წელს პროექტის ფარგლებში შედგა „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ მიერ გასულ წელს დაწესებული პრემიით დაჯილდოების რიგით მეორე ცერემონია. ფონდის ჯილდოს მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიმღები 9-კაციანი სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელშიც შედიან – პოეტები ლია სტურუა, ბაღათერ არაბული, ნინო სადღობელაშვილი, დიპლომატი და პოლიტიკოსი კონსტანტინე გამსახურდია, ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე, კრიტიკოსი, ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი, ტელეწამყვანი ნინო ზაუტაშვილი, დეკანოზი გიორგი წეროძე და რეჟისორი გიორგი სავანელი, ფარული კენჭისყრით გამოვლინდა წლევანდელი წლის ლაურეატი.
კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შემდეგ (პირველად გასულ წელს მას გადაეცა აღნიშნული პრემია), „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიით – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ მწერალი, ესსეისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი და არაერთი საზოგადოებრივი საქმის სულისჩამდგმელი, ბატონი როსტომ ჩხეიძეს დაჯილდოვდა.
როსტომ ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა ფონდის მესვეურებს და საბჭოს შემადგენლობას მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მინიჭებისათვის და ილიას იდეების დღევანდელ რელობაში რელიზაციაზე ისაუბრა.
„ჩემთვის ეს ჯილდო, ერთ-ერთ რიგით პრემიაზე გაცილებით მეტია, როგორც ილიას სახელის, ასევე ჯილდოს მიზნებიდან და მისი დატვირთვიდან გამომდინარე. უნდა „გეყუდნეს“ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, უნდა გწამდეს ეროვნული ენერგიისა, უნდა გწამდეს ძლიერი საქართველოსი, ძლიერ კავკასიაში. აი, ეს არის ილია და არა მარტო ის „გეყუდნეს“… საუკუნის წინათაც გვეყუდნოდა და თავზე დაგვემხო, იმიტომ რომ არასახელმწიფოებრივად და არაეროვნულად მოაზროვნე ხალხი აღმოჩნდა სათავეში… ყველაფერი წერია ილიასთან, მარტო ილიას სახელს კი არ უნდა გავიძახოდეთ, ილია უნდა წავიკითხოთ, ილია უნდა გავითვალისწინოთ და ის უზარმაზარი ტვირთი, რომელსაც მიეზიდებოდა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ უნდა გადავინაწილოთ.“
პრემიის დაჯილდოებას სალიტერატურო, სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. დაჯილდოება საჯაროდ გაიმართა და დასწრება თავისუფალი იყო.
„ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია – საზოგადოების განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის“ მომავალ წელს, ამავე დღეს, 12 სექტემბერს, უკვე მესამედ გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები