სუს-მა ზუგდიდის მერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის მერთან, ლაშა გოგიასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.
როგორც „კვირას“ სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლით მიმდინარეობს.
ზუგდიდის მერმა თანამდებობა დატოვა, მუნიციპალიტეტში კი აცხადებენ, რომ იგი პრაღაში მივლინებაში იმყოფება.
ერთ-ერთი ვერსიით, ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა. ამის დამადასტურებელი კი ფარული აუდიო ჩანაწერიც არსებობს.
არსებული აუდიოჩანაწერის თანახმად, ზუგდიდის მერი ერთ-ერთ ბიზნესმენს ზუგდიდში რამდენიმე ფართობის ტერიტორიას ტენდერის გარეშე სთავაზობდა.
როგორც „კვირას“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განუცხადეს, ზუგდიდის მერი ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში მივლინებით იმყოფება.
ამასთან, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს. ლაშა გოგია 12.09.2018 წელი“, – წერს ლაშა გოგია ფესბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები