ბრალდებულებს, რომლებიც ბიზნესმენს მეუღლის სიკვდილით ემუქრებოდნენ, პატიმრობა მიესაჯათ

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივრის საფუძველზე გამოძალვაში და ძალადობაში გამართლებული პირები დამნაშავედ ცნო“, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენი და ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში და ძალადობაში უდანაშაულოდ ცნობილი ბრალდებულები კ.ფ., რ.ჟ და ბ.ჯ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
სასამართლო განხილვისას უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 აპრილს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კ.ფ.-მ, რ.ჟ-მ და ბ.ჯ.-მ ერთ-ერთ ბიზნესმენს, მის სამუშაო ოფისში განუცხადეს, რომ გაზგასამართი სადგურის 25%-იანი წილი “კანონიერი ქურდების” გადაწყვეტილებით კ.ფ.-სთვის უნდა გადაეცა. ბიზნესმენისგან უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ, რომ მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ ძალადობას კვლავ განახორციელებდნენ.
ამის შემდეგ კ.ფ., რ.ჟ და ბ.ჯ. სისტემატურად ხვდებოდნენ დაზარალებულს და კ.ფ.-ს სასარგებლოდ წილის დათმობას ან 200 000 აშშ დოლარის გადაცემას მოითხოვდნენ.
ამასთან, დადასტურდა, რომ 2017 წლის 14 მაისს, კ.ფ. იარაღის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – მ.გ.-ს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სამივე პირი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და კ.ფ.-ს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 120-ე მუხლით და 111,151 მუხლით) დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით, ხოლო რ.ჟ -ს და ბ.ჯ.-ს (181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) თითოეულს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები