პროკურატურამ “იბერიასთან” დაკავშირებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ტელეკომპანია “იბერიას” ეხება, შესაძლო თაღლითობის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
„12 სექტემბერს, თბილისის პროკურატურამ მედიაში გასულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რომელიც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.
გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ ლ.ყ.-ს და ზ.ო.-ს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე.
ამასთან, აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უ.მ.-მ, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს.
გამოძიების ეტაპზე, საქმესთან დაკავშირებით, ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კი დამატებით ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები