„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ – გამოფენის გახსნას მიხეილ ბატიაშვილი დაესწრო

 საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ მასპინძლობს.
ექსპოზიცია დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.
გამოფენა სიტყვით გახსნეს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება, მართლაც უნიკალური გამოფენების სერია ეროვნულ მუზეუმში. ჩვენს ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, საშუალება აქვთ, გარდა საგამოფენო სივრცეების დათვალიერებისა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებით. ეს კიდევ ერთი კარგი ნიმუშია იმისა, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდეს კულტურა და განათლება ჩვენი ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის. ამ მიმართულებით, ეროვნულ მუზეუმთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, – განაცხადა საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
25 ნოემბრამდე, დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, ბერნინისა და XVII საუკუნის სხვა იტალიელი ოსტატების შედევრები იქნება გამოფენილი, რომლებიც დაცულია რომის მახლობლად მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმში„პალაცო კიჯი ინ არიჩა“.
გამოფენაზე წარმოდგენილია 60-მდე ნამუშევარი. მათ შორის: ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები, სხვადასხვა ფრესკისთვის მოსამზადებელი ესკიზები, ბრინჯაოს მედლები, კედლის დეკორები – ტყავისა და აბრეშუმის საკიდები, დეკორატიული ლამპა და სხვა.
ნამუშევრები სრულყოფილად წარმოაჩენს სახვითი ხელოვნების იმ ჟანრებსა და სტილს, რომლებმაც ბაროკოს ესთეტიკა განსაზღვრა და, იმავდროულად, ჩამოაყალიბა კათოლიკური ეკლესიის, როგორც ზნეობრივი, ისე სულიერი საკომუნიკაციო სისტემა. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის მომცველი ფერწერის გარდა, წარმოდგენილი იქნება სახასიათო ნიმუშები იმ ჟანრებისა, რომლებსაც აღნიშნული ეპოქის ქტიტორები ანიჭებდნენ უპირატესობას.
გამოფენას თან ახლავს სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამები და საჯარო ლექციები.
10 სექტემბერს, ეროვნულ გალერეაში პირველი საჯარო ლექცია მუზეუმის „პალაცო კიჯი ინ არიჩა“ დირექტორმა ფრანჩესკო პეტრუჩიმ გამართა.
პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში.
ინიციატივის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’Italiana”.
გამოფენების მხარდამჭერები ასევე არიან: DBA, Salini Impregilo, „ვითიბი ბანკი“, Leonardo, Gulf, Anas.
გამოფენა ხორციელდება Palazzo Chigi-სა და Global Project Consulting-თან კოლაბორაციით.
ჯოვან ლორენცო ბერნინი (ნეაპოლი 1598 – რომი 1680) – ბაროკოს ხელოვნების დიდ სტრატეგოსად და მის უმაღლეს წარმომადგენლად გვევლინება. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთი პაპის სამსახურში იყო. ის ცნობილია, როგორც მოქანდაკე და არქიტექტორი, თუმცა ამავდროულად, იყო ფერმწერი, სცენოგრაფი, მსახიობი და კომედიოგრაფი. მისი მრავალმხრივი ნიჭის გამოვლინებაა მდიდრული და საუცხოო დეკორაციები, რომელთა მასალის მრავალფეროვნება, ორნამენტული დეტალების უნაკლო სტილი და ექსპრესიულობა ხელოვნების ყველა სახეობათა სრულყოფილების შექმნისკენაა მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები