დავით მათიკაშვილი: ზაზა სარალიძის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნა გადამეტებულია

„ზაზა სარალიძის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნა გადამეტებულია. არ შეიძლება, ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში იყოს გადატანილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო წერტილი დასმული არ არის, ამიტომ მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ.
„საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლება ღია იყო იმ პროცესის მიმართ, რაც ტრაგედიიდან გამომდინარე წარიმართა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს. არ შეიძლება, ტრაგედია პოლიტიკურ ჭრილში იყოს გადატანილი და პოლიტიკური მოთხოვნები იყოს დაყენებული. ზაზა სარალიძის მოზიარე ვართ იმ ნაწილში, რომ მას სურს, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, თუმცა ამისთვის სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, მათ შორის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა, სადაც უმრავლესობა უმცირესობას გადაეცა. ამ საქმეზე სასამართლო პროცესია დარჩენილი და საქმეს კონკრეტულ ნაწილში შსს იძიებს. შესაბამისად, საქმეს საბოლოო წერტილი დასმული არ აქვს, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისათვის, ზაზა სარალიძემ აქციები გუშინ რუსთაველის გამზირზე განაახლა. ზაზა სარალიძე ხელისუფლების გადაყენებას ითხოვდა. მასთან ერთად იმყოფებოდა პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები