აკაკი ზოიძე: სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი
“სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი” – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
ამასთან, ზოიძე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი უნდა გაკოტრდეს.
“მივიჩნევ, რომ მსოფლიოში ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი უნდა გაკოტრდეს ხვალვე, სულ ერთია ეს იქნება ქართული, თუ საერთაშორისო. მე ზოგადად სიგარეტის ბიზნესზე რა წამოდგენაც მაქვს, კარგად იცით. ვთვლი, რომ ნებისმიერი სიგარეტის ბიზნესი მსოფლიოში უნდა გაკოტრდეს ხვალვე”, – განაცხადა ზოიძემ.
ზოიძე ტელეკომპანია “იბერიას” მიერ გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობასაც გამოეხმაურა.
მისი აზრით, უნდა დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა.
„დიდი შანსია, რომ ეს იყოს თაღლითობა. ადრე ამას ერქვა აფერისტობა, რომ ადამიანები ახსენებენ კონკრეტულ სახელებს, თითქოს მათ აქვთ, უფლებამოსილება გადაწყვიტონ საკითხები. რაც კაცობრიობა არსებობს, ასეთი აფიორებიც არსებობს. ამიტომ შეიძლება იყოს თაღლითობა, შეიძლება იყოს კორუფციის ნიშნები. თუ სიმართლეა, უმკაცრესი რეაგირება იქნება საჭირო. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს ტელეკომპანია „იბერიას“ გადასახადების გადახდის ვალდებულებისგან, მფლობელები თავის ჟურნალისტებზე ზეწოლას ახდენენ. ჩვენი მიზანია, გადასახადები ამოვიღოთ, იყოს სამუშაო ადგილები და არა ის, რომ ვიღაც გააჩერო და დააჯარიმო, მაგრამ მედიათავისუფლებაზე აპელირება გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.