„დიზელის გამონაბოლქვი ბევრ დაავადებას იწვევს“ – როგორია საწვავის როლი ჰაერის დაბინძურებაში
საქართველოში დიზელის შემცველობა მავნე დაბინძურებებს იწვევს; ეს პრობლემური საკითხია, – ამის შესახებ ფონდის “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დიზელის საწვავის როლი ჰაერის დაბინძურებაში – ამ საკითხთან დაკავშირებით ფონდმა “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევისთვის დოკუმენტი მოამზადა. დოკუმეტში წერია, რომ დიზელის გამონაბოლქვი ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია, რომელიც ყურადღებას საჭიროებს.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, დიზელის საწვავის წვის შედეგად გამოიფრქვევა ისეთი ქიმიკატები, როგორიცაა აზოტის ოქსიდები, ნახშირწყალბადები, ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, ჭვარტლის ნაწილაკები და გოგირდის ჟანგეულები, რომელიც წარმოიქმნება გოგირდის გაფრქვევის შედეგად ჰაერში მისი ჟანგბადთან ზემოქმედების შედეგად. დიზელის გამონაბოლქვს უარყოფითი გავლენა აქვს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე, ასევე, გარემოზე.
„ძირფესვიანად შევისწავლეთ ეს საკითხი. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში კანონმდებლობით დაშვებულია 100 მილიგრამი გოგირდის შემცველობა კილოგრამ საწვავში. ევროპის ქვეყნებში ეს არის 10 , ანუ დაახლოებით 10-ჯერ უფრო მეტია საქართველოში დაშვებული, ვიდრე ეს არის ევროპის ქვეყნებში. დოკუმენტში განხილულია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, როგორ გადავიდნენ სუფთა დიზელის მოხმარებაზე. როგორ მოხდა რეფორმების გატარება. არის ამერიკის, კანადის, ავსტრიის და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება განხილული. საქართველოში 2019 წლის პირველი იანვრიდან უნდა მოხდეს ცვლილება, რომ ზემოთ აღნიშნული მაჩვენებელი 50-მდე ჩამოვიდეს. ამ კვლევის მიზანია, პირდაპირ გადავიდეთ ევროპულ ხარისხზე, ანუ 10 მილიგრამი იყოს გათვალისწინებული და უფრო დავაჩქაროთ ეს პროცესი. დიზელის გამონაბოლქვი იწვევს ბევრ დაავადებას. წვის შედეგად ისეთი მავნე ნივთიერებები გამოიყოფა როგორიცაა აზოტის დიოქსიდები, ნახშირბადი, ნახშირორჟანგი , გოგირდის ზეჟანგები, რაც იწვევს სიმსივნურ დაავადებებს. საქართველოში, ზოგადად ავტოტრანსპორტის სფეროდან ხდება მავნე ნივთიერებების გაფრქვევა. ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებების 80 % ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისგანაა, თბილისში ეს მაჩვენებელი 91 %-ია“- განაცხადა ირაკლი იზორიამ.
დოკუმენტში წერია, რომ დიზელზე მომუშავე ავტომობილები გამოყოფს გაცილებით მეტ აზოტის ოქსიდს, ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები. ისინი ცნობილია, როგორც NOx ნაერთები. ეს ნაერთები ძალიან საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შეუძლია, გამოიწვიოს ასთმა, ბრონქიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები; ასევე, იზრდება ინფარქტების და ინსულტების რისკი განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები.
როგორც მოკვლევის ავტორები აღნიშნავენ, „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში დიზელის საწვავის მოხმარება საქართველოში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, უკავშირდება, ერთი მხრივ, ტრანზიტულად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მატებას, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურული სამშენებლო სამუშაოების ზრდას.
„ვიცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები, მიკროავტობუსები, ზოგადად, არის დიზელზე. შესაბამისად, გვინდა, ჰიბრიდული და ელექტროავტობუსების, მიკროავტობუსების წახალისება მოხდეს. ელექტრო და ჰიბრიდულ მსუბუქ ავტომობილებზეც უნდა იყოს წახალისებები. მაგალითად ზოგიერთი ქვეყანა იყენებს იმას, რომ პარკირების გადასახადი ნაკლებია, ხელშეწყობა ხდება განბაჟების დროს. ნაკლები ტარიფით ხდება ავტომობილების შემოყვანა. ასეთი წამახალისებელი აქტივობები უნდა არსებობდეს“- განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, საქართველოში საწვავის ხარისხის მონიტორინგის ერთიანი სისტემა არ არის.
„გვინდა, შეიქმნას ერთიანი სისტემა, სადაც სახელმწიფო შეძლებს, შეამოწმოს ბენზოგასამართი სადგურები. დღეს სერტიფიკატის საფუძველზე ხდება დიზელის და ზოგადად, საწვავის იმპორტირება, თუმცა, რეალურად არ ვიცით, რა სურათია ბენზოგასამართ სადგურებზე”, – განაცხადა იზორიამ.
ფონდის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში წერია, რომ აუცილებელია, საქართველოში განხორციელდეს საწვავის ხარისხის მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის დიზელის საწვავის.
„კომპანიებს, რომლებსაც შემოაქვთ საწვავი თვითონ ატარებენ ხარისხზე მონიტორინგს, ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი და პროცესი არ არის გამჭვირვალე. სახელმწიფო არ ატარებს საწვავის მონიტორინგს და მომხმარებელი უბრალოდ ბრმად ენდობა კომპანიების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. შედეგი კი სახეზეა, დაბინძურებული ჰაერი და მწყობრიდან გამოსული მანქანები“- აღნიშნულია დოკუმენტში. ირაკლი იზორიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, ბენზინგასამართი სადგურების ეკომარკირება.
„ბენზოგასამართ სადგურებზე არ არის მითითებული, თუ რა შემცველობის არის საწვავი. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა დაავალდებულოს კომპანიები, მარკირება გააკეთონ და იცოდეს ადამიანმა რა საწვავს ასხამს, არის თუ არა, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რა სტანდარტისაა“, – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, საწვავის მონიტორინგის დაწყებასთან ერთად, პარალელურად უნდა დაიწყოს მოსახლეობის ინფორმირება ყველა იმ უარყოფითი გავლენის შესახებ, რასაც დაბინძურებული საწვავი ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.
თამუნა შეყილაძე