ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, სოციალისტების ჯგუფის თავმჯდომარის, ფრანკ შვაბეს ანგარიში მოისმინა. ანგარიში გაეროს კომიტეტებსა და ევროპის საბჭოს ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას ეხებოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი თქმით, წარმოდგენილი ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს ოკუპირებული ტერიტორიები – ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა და საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა არსებობდეს.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც საქართველოს პარლამენტმა 2016 წელს მიიღო ახალი სტანდარტი და საკანონმდებლო ორგანო თავად აკონტროლებს გაეროს საზედამხედველო ორგანოებში გასაგზავნ სპეციალურ ანგარიშებს, ასეთივე სტანდარტი ჰქონდეს ევროსაბჭოს წევრ პარლამენტებს.

„ეს კარგი მექანიზმია საპარლამენტო კონტროლის კუთხით“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე ისაუბრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ კიდევ ერთ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გამოყენებას და რეკომენდაციებს ეხებოდა.

„საქართველო ანგარიშში მოხსენიებულია, როგორც კარგი სტანდარტის მქონე ქვეყანა, რომელსაც 2013 წლიდან აქვს დაცვის კარგი მექანიზმი. მზადდება ახალი რეკომენდაციები, რომელიც ოქტომბრის სესიაზე სტრასბურგში იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კომიტეტის სხდომის კომენტირებისას ეკა ბესელიამ.

პარიზში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა ეკა ბესელიამ, როგორც კომიტეტის ძირითადმა წევრმა მიიღო.

სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო მოქალაქეობის ჩამორთმევის, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის ღონისძიების ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის საკითხი.

კომიტეტის წევრებმა ადამიანის უფლებებზე რეგულარული თემატური დებატების წამოწყების თაობაზე შეთავაზება მოისმინეს და კომიტეტის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის პასუხებს გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები