„წერაქვის მონასტერი მამულიშვილების თავშესაყარი იყო მაშინ“… – როგორ ააღორძინა ქეთევან ჩიხაძემ მიხეილ ჯავახიშვილის სოფელი

ადიგენის რაიონში დიდ და სიყვარულით სავსე ოჯახში დაიბადა, მრავალსაუკუნოვანმა ეკლესია-მონასტრებდა ციხე-კოშკებმა პროფესიული არჩევანიც განაპირობა. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელი, ფერწერის სპეციალობით, 1972-78 ლებში კი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.
1978 წლიდან არქიტექტორ-რესტავრატორია.  უამრავი ძეგლის რესტავრატორად მუშაობდა.
დიდი წვლილი მიუძღვის სოფელ წერაქვის აღორძინებაში, სადაც 40 წელი მოღვაწეობდა.
ამბობს, რომ მისი ჰობი საქართველოა და მზადაა, კვლავაც ხალხსა და ქვეყანას ემსახუროს პროფესიით.
 არქიტექტორ-რესტავრატორის, ქეთევან ჩიხაძის პერსონა.

–  დავიბადე ადიგენის რაიონში, ნიკოლოზ ჩიხაძისა და გალინა ბარბაქაძის ოჯახში. ხუთი დედმამიშვილიდან მესამე შვილი ვარ. მამას უმაღლესი განათლება ჰქონდა. დედა განათლებული გახლდათ, უყვარდა კითხვა, ხატვა, ქარგვა, მუსიკა.
დიდებულ ატმოსფეროში გავატარე ბავშვობა და ყველაფერი ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნდა. ჩვენს ოჯახში სუფევდა უდიდესი მეგობრობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სტუმართმოყვარეობა. ეს იყო წლები, რომელიც საძირკველი გახდა ჩემი შემდეგი ცხოვრებისა.
თბილისის სახელმწიფო აკადემია 1978 წელს დაამთავრეთ… როდის დაინტერესდით არქიტექტურის სპეციალობით?
– ადგილი, სადაც დავიბადე, მრავალსაუკუნოვანი ეკლესია- მონასტრებითა და ციხე-კოშკებით არის გარშემორტყმული: ჭულე, ზარზმა, ოქროს ციხე, ზანავის ციხე, მესხური დარნები, საცხოვრებელი დარბაზები და სხვა მრავალი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ცნობიერების ჩამოყალიბება ხდებოდა ამ გარემოსთან შეზავებით და ჩემი პროფესიული არჩევანიც დიდწილად ამან განაპირობა.
1972 წელს დავამთავრე იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელი, ფერწერის სპეციალობით.
1972-78 წწ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტორ-რესტვრატორის სპეციალობით.
სტუდენტობის პარალელურად და შემდგომაც ვმუშაობდი მესხეთ-ჯავახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში (ოთარ ღამბაშიძის ხელმძღვანელობით).
– 1978 წლიდან მუშაობთ არქიტექტორ-რესტავრატორად… პარალელურადარქეოლოგიაში. ამ მოღვაწეობისთვის ჯილდოებიც მიიღეთ…
– სადიპლომო თემად ავირჩიე ჭულეს სამონასტრო კომპლექსი, რომელიც შემდგომში რეალურად გახორციელდა ჩემ მიერ.
ვმუშაობდი ძეგლთა დაცვის სამმართველოში, პასპორტიზაციის განყოფილებაში მთავარ არქიტექტორად, რომლის დროსაც ჩემ მიერ ძეგლების სრული აღწერითი და აზომვითი სამუშაოები ჩატარდა: მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროს, წალკის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, ადიგენის მუნიციპალიტეტების საერო თუ საკულტო ნაგებობებისა.
აღწერის პარალელურად ვმუშაობდი ძეგლების სარესტავრაციო სამუშაოებზე:
ჭულეს სამონასტრო კომპლექსი: წმ. გიორგის გუმბათიანი ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, საცხოვრებელი სახლი ბერებისათვის;  ახალციხის რაბათი: კარიბჭე ჩრდილოეთის და კარიბჭე დასავლეთის I და II, მედრესე, გალავანი, ციხის ეკლესია, მეჩეთი;  ზარზმა;  შორშხოთი;  ვარძია: აზომვითი და საპროექტო სარესტავრაციო სამუშაოები;  წუნდას დარბაზული ეკლესია (ასპინძა);
ტბისის სამონასტრო კომპლექსი: წმ. გიორგის ეკლესია, სამრეკლო- მცირე სალოცავით, გალავანი.
ტბისის კომპლექსის რესტავრაციისათვის მიღებული მაქვს საქართველოს არქიტექტორთა კავშირის სპეციალური პრემია – „წლის საუკეთესო რესტავრირებული ობიექტი“ (1988 წ.)
ბოლნისის მუნიციპალიტეტი:
აკვანება;  ბალიჭი;  პატარა დმანისის ეკლესია; ორსაყდრები; წმ. გიორგის ეკლესია;  კაზრეთი;  მოხატული ტაძარი; გეტა;  დარბაზის ეკლესია;  მირტაშენის ეკლესია;  მირტაშენის კოშკი;  ნასოფლარი ირდას ეკლესია; მირტაშენის დაბლობი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია; ბალახაურის ეკლესია;  ფოლადაურის ხეობა:  სოფელი ფოლადაურის ეკლესია; ხევის ეკლესია – ფორდფორდი;  აკაციების ეკლესია;  მუხნარის ეკლესია; ორხევის ეკლესია;  და სხვა მრავალი…
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა ზემოთ აღნიშნული ღვაწლისთვის 2017 წელს დამაჯილდოვა სიგელითა და ჯვრით;

მარნეულის მუნიციპალიტეტი:
ყოფილი შულავერი (ამჟამინდელი შაუმიანი) ილია ბოსტოღანაშვილის სასახლის პროექტი მარიამ უგრეხელიძესთან ერთად;
ყოფილი შულავერი (ამჟამინდელი შაუმიანი) დასავლეთით XIIს-ის დარბაზული ეკლესია (პროექტი);
წერაქვის სამონასტრო კომპლექსი: ღვთისმშობლის მიძნების ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია, მთავარანგელოზის ეკლეისა, კარიბჭე, მარანი, გალავანი, ბერთა საცხოვრებელი;

სოფელი წერაქვი:
წმ. გიორგის ეკლესია; კვირაცხოვლის ეკლესია; ნაქალაქარ გორილს კომპლქექსი: წმ. ნიკოლოზის ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია;  წოფის VI ს-ის დარბაზული ეკლესია (ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენით);
ცაგერის საკათედრო ტაძრის პროექტი;
თბილისის მუნიციპალიტეტი:
დიდგორის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია;  ქობისხევის დარბაზული ეკლესია; წვერის წმ. გიორგის ეკლესია;  თელოვანის წმ. ნინოს ეკლესია; თეთრაანის ეკლესია.
და  მრავალ ეკლესია- მონასტერზე აზომვითი და საპროექტო სამუშაო ჩატარდა..
წერაქვში 40 წელი მოღვაწეობდით, ძეგლთა დაცვის სამმართველოდან პირველი კადრები იყავით… როგორი სურათი დაგხვდათ მაშინ წერაქვში?
– 1978 წელს ძეგლთა დაცვის პასპორტიზაციის განყოფილების ჯგუფი აღწერის დროს მოვედით გახიზნულ, ძირძველ სოფელ წერაქვში, რომლის დაცლა სკოლის დახურვას გამოუწვევია.
მიზნად დავისახე, ამეღორძინებინა მიხეილ ჯავახიშვილის სოფელი და, უმძიმესი და ურთულესი შრომის საფასურად, ვთვლი, რომ სასურველ შედეგს მივაღწიე იმ დროისათვის.
– თქვენ თვალწინ დაიწყო სოფლის აღორძინება, რაშიც  ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო მოღვაწეები ჩაერთნენ…
– წერაქვის სოფლის აღორძინებისათვის აუცილებელი იყო ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოების დაწყება, რომელიც გააერთიანებდა ახალგაზრდებსა და ინტელიგენციის გარკვეულ წრეებს. ამ საკითხთან დაკავშირებით წერილით შევედი ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს უფროს ირაკლი ციციშვილთან. მან თანადგომა გაგვიწია ყოველგვარ საკითხზე, მათ შორის წლიურ გეგმაში ჩასმულიყო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები.
წერაქვი რომ უძველესი ქართული სოფელია, ამას ამტკიცებს სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი ანტიკური ხანის ბრინჯაოს უნიკალური ნივთები. მიწის დამუშავების დროს მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირია. მომავალში, არქეოლოგების მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად საბურავი აეხდება ამ კუთხის უძველეს ცივილიზაციას.
XII ს-ში აგებული წერაქვის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტრის ირგვლივ მრავლადაა სალოცავები. XII-XIII სს. საქართველოს აღორძინების ხანაა, ამ ეპოქაში საქართველომ თავისი განვითარების ზენიტს მიაღწია და სრულიად სარწმუნოა ის აზრიც, რომ მონასტერი ამ მხარის საგანმანათლებლო ცენტრი ყოფილიყო.
მონასტრის სამხრეთით, მთის გადაღმა ნაქალაქარი გორულია, რომელიც მთებით მოცულ ქვაბულში მდებარეობს, აქედან აღმოსავლეთით იშლება თვალუწვდენელი სივრცე. დღემდეა შემორჩენილი ოთხი დარბაზული ეკლესია, წყარო, ქარვასლა, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, აბანო, ხუთსართულიანი კოშკი (კოშკის ნახევარი ჩამოინგრა 1988 წელს, მიწისძვრის
დროს). ირგვლივ რამდენიმე ნასოფლარია. წერაქვსა და გარულის შორის არის დამაკავშირებელი მომქმედი ტყის გზა.
–  წერაქვის ღვთისმშობლის მონასტერი იმ დროს მწერალთა და მეცნიერთა თავშესაყარი იყო… გვიამბეთ ამ დღეებზე დაწვრილებით… როგორ აკლია ქართული სიტყვის მადლი დღეს სოფლებს. წერაქვის სატკივარიც ეს არის, ალბათ…
– სოფლის აღორძინებაში აქტიურად ჩავრთე მწერალთა კავშირი და ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
დიდი წვლილი შეიტანა რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ. გაჩნდა სამუშაოები, ვისაც შეეძლო უკან ბრუნდებოდა. გაიჭრა ახალი სარაიონო გზა, დაიგო ასფალტი. დაიწყო ახალი სკოლის მშენებლობა და კიდევ მრავალი სამშენებლო პროექტი იყო გათვალისწინებული. მაგ: ქვისა და ხის დამამუშავებელი საამქროები, კერამიკის სახელოსნოები, იმ დროს კიდევ იყვნენ კრამიტისა და აგურის ხელოსნები. მათი თქმით, წერაქვიდან გადიოდა მზა კრამიტი დასახლებულ პუნქტებში. სპეციალისტების თქმით, ადგილობრივი თიხა საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, მაგრამ პოლიტიკური ვითარების გამო ეს პროცესი შეჩერდა.
სოფლის გასაძლიერებლად აუცილებელი გახდა დასახლების საკითხი. მწერალთა კავშირისათვის გამოიყო სააგარაკო ნაკვეთები „ბატონის ბაღებში“ (ბარათაშვილების ადგილ-მამული). მათ შორის იყო მწერალი ნოდარ წულეისკირი. რომელიც წლების განმავლობაში წერაქვის საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა და მისმა ეროვნულმა სულისკვეთებამ ისე გააძლიერა სკოლის საგანმანათლებლო სისტემა, რომ მის პერიოდში ბავშვთა რაოდენობამ 120-ს მიაღწია. გამოდიოდა ადგილობრივი სასკოლო გაზეთი „წყარო“.
წერაქვის მონასტერი იყო თავშესაყარი იმ დროის ყველა მამულიშვილისათვის: მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, სტუდენტთა და ახალგაზრდა შემოქმედთა ადგილი.
დღევანდელი მასმედია ქართული სიტყვის გავრცელების კუთხით ძალიან მოიკოჭლებს, მეტიც, ხშირ შემთხვევაში ყველაფერ არაქართულის  პროპაგანდა ხდება. ინტერნეტსივრცეც გაჯერებულია ბევრი არა სასარგებლო ინფორმაციით. ფასეულობების გადაფასებასთან ერთად  ქართული მენტალობა იცვლება. დღეს განათლებულობის წარმოჩინება ხდება უცხო სიტყვების სიმრავლის გამოყენებით და ასე, ნელ-ნელა იკარგება სამეტყველო თუ სალიტერატურო ქართული ენა.
–  ქვემო ქართლის ძეგლებზე მუშაობთ… რა მდგომარეობაშია ქართული ისტორიული ძეგლები? რამდენად ექცევა ყურადღება სახელმწიფოსგან?
– ერთჯერადი რესტავრაცია ძეგლისათვის საკმარისი არ არის. ადგილობრივი მმართველობა ვალდებულია, დაიცვას თავის მუნიციპალიტეტში არსებული ძეგლები და მეტი პოპულარიზაცია გაუწიოს. აუცილებელია, მოეწყოს ეკლესიამდე მისასვლელი გზები და შემოისაზღვროს დაცვითი ზონები.
–  ოჯახი…
– მყავს მეუღლე, პროფესიით გეოლოგი ამირან უგრეხელიძე  და ოთხი შვილი. ვახტანგი – პროფესიით თეოლოგი, კალიგრაფი, დაზგური და მონუმენტური მხატვრობის რესტავრატორი; მარიამი – ხელოვნებათმცოდნე, არქიტექტორ-რესტავრატორი (მაგისტრი); დავითი – არქიტექტორ-რესტავრატორი (დოქტორანტი); ნიკალა- არქიტექტორ-რესტავრატორი (სტუდენტი);
–  ჰობი?
– ჩემი ჰობი, ჩემი საქართველოა.
სამომავლო გეგმები…
– ვემსახურო ჩემს ხალხს და ქვეყანას ჩემი პროფესიით;
–  რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით იქ, იმ ქალაქში, სადაც ხართ და მოღვაწეობთ ამჯერად?
– თბილისს დავაბრუნებდი 30 წლის წინანდელ არქიტექტურულ  გეგმარებას და თბილისურ  შესაშურ  კულტურას;
–  როგორ საქართველოს ისურვებდით?
– სულიერად და ეკონომიურად ძლიერს!

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები