„მოგზაურის დღიურები“ – ოლიკო ცისკარიშვილთან სალონური შეხვედრა გაიმართება
10 სექტემბერს, 19:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი სალონურ შეხვედრას „მოგზაურის დღიურებს“ მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს სალონური შეხვედრების ციკლს და ამჯერად სალონის სტუმარი ჟურნალისტი და ფოტოხელოვანი ოლიკო ცისკარიშვილი იქნება.
ფოტოგრაფიით დაინტერესება ოლიკოს ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. როგორც თავად აღნიშნავს, როცა ერთ-ერთი სტატიისთვის საშინელი კადრები მოუტანეს, კამერა აიღო და გადასაღებად წავიდა, წავიდა და სამუდამოდ „დარჩა“.
ფოტოგადაღებასთან ერთად მოგზაურობაც მისი საყვარელი საქმიანობაა. განსაკუთრებით მიიზიდა საქართველოს მთიანეთმა და, როგორც ჟურნალისტმა, სულ სხვა თვალით დაინახა ადგილობრივების პრობლემები. ოლიკო არა მარტო მოგზაური, არამედ მათი გულშემატკივარი გახდა.
შეხვედრაზე ოლიკო ცისკარიშვილი ისაუბრებს თუ როგორ იქცა „შუამავლად მთის ხალხსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ევალება მთის პრობლემების მოგვარება“.
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის 17, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.