ქეთევან ჩაჩავა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნებაა, ამიტომ პრემიერის ინიციატივა მისასალმებელია

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე, მთავრობის მიერ გამოცემულ განკარგულებას მიესალმება.
როგორც “კვირასთან” საუბრისას მან განმარტა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნებაა, ამიტომ პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აღნიშნული ინიციატივა ქმედითი იქნება.
“პირველ რიგში მისასალმებელია მსგავსი ინიციატივა პრემიერის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნება, ვინაიდან ყველაფრის დეტალური რეგულირება ვერ მოხდება კანონმდებლობით. შესაბამისად, ამ მიზნით, არასამთავრობო სექტორი ცესკოსთან და უწყებათაშორის კომისიასთან ერთად წლებია მემორანდუმს ვაფორმებთ და ვთანხმდებით გარკვეულ პრინციპებზე ადმინისტრაციული რესურსის არ გამოყენების ნაწილში. ამიტომ მნიშვნელოვანია პრემიერის ეს ინიციატივა, რომ ის სახელმწიფო უწყებებს მიმართავს და ავალებს მათ დაქირავებულ მოხელეებს ინფორმაცია მიაწოდონ, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ამ რესურსის გამოყენება. იმედია, რომ ეს პოლიტიკური ნება გარდაიქმნება ქმედებაში და შესაბამის შედეგს მივიღებთ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში”,-აღნიშნა ქეთევან ჩაჩავამ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე, მთავრობამ განკარგულება გამოსცა.
განკარგულებაში საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საჯარო მოსამსახურეთათვის დადგენილი რიგი შეზღუდვებია მოცემული, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები