ირაკლი კობახიძე: მთავარია, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციაში
„მთავარია, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციაში. რაც შეეხება შესაძლო კონკრეტულ გადაცდომებს, ამაზე, რა თქმა უნდა, საჭიროა რეაგირება. რეაგირების მექანიზმები გაწერილია კანონმდებლობით და საარჩევნო ადმინისტრაციამ ასეთ გადაცდომებზე, თუ ასეთი არსებობს, უნდა იმოქმედოს ამ ნორმების შესაბამისად”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, საარჩევნო გარემო მთლიანობაში არის სათანადო, უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და ეს არის უმნიშვნელოვანესი.
„სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ყოველთვის ემთხვევა ხოლმე არჩევნების შედეგები და მიზეზი არის ის, რომ არჩევნები ტარდება სამართლიან გარემოში. ყველა კანდიდატს აქვს იმის საშუალება, რომ დაამყაროს სათანადო კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მიიტანოს საკუთარო გზავნილები. ასეთ პირობებში წარიმართება ეს პროცესი, არანირად არ ფერხდება არც აგიტაცია, და საარჩევნო ადმინისტრაციაშიც არ შეიმჩნევა რაიმე სისტემური პრობლემა”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს, როგორც სათანადოდ ჩატარებულს და ეს არის მთავარი.
„არაერთი კომენტარი მოვისმინეთ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ოპოზიცია მუდმივად ცდილობს ყოველი არჩევნების წინ თავი დაიზღვიოს. ისინი ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკის ქვეშ მოქცევას, იგივე ეხება უწყებათაშორის კომისიას და ზოგადად საარჩევნო პროცესებს. ეს არის ის, რასაც ვართ მიჩვეული, თუმცა მთავარია საბოლოო შედეგი. საბოლოო შედეგი არის ის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის აღიარებენ არჩევნებს როგორც სამართლიანს, როგორც სათანადოდ ჩატარებულს. ეს არის ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.