რეჟისორი გიორგი შენგელაია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ცესკოს მიმართა. 81 წლის გიორგი შენგელაია საინიციატივო ჯგუფმა დღეს წარადგინა.
„მყავს საინიციატივო ჯგუფი პეტრე მამრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც იყო ედუარდ შევარდნაძის, ზურაბ ჟვანიას კანცელარიის უფროსი; ცნობილი დოკუმენტალისტი გია ჭუბაბრია; დირიჟორი ავთო მამაცაშვილი, რომელმაც ჩაწერა „ვერის უბნის მელოდიები“, ასევე კინოწარმოების ოპერატორი ნუგზარ ნოზაძე და ჩემი ყველაზე ახლობელი მეგობარი ირაკლი მელაძე“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.
გიორგი შენგელაია, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიების გაზრდას აპირებს.
მისი თქმით, კენჭისყრა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანას უჭირს.
„ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ძალიან უჭირს ქვეყანას. ამავე დროს, ძალიან არ უჭირს, რომ არ იყოს ეს მინისტრთა კაბინეტი და არეულ-დარეული პოლიტიკური სპექტრი, ასე არ გაუჭირდებოდა. მინისტრთა კაბინეტის დანამატები ვიანგარიშე და ეს იმის ნახევარია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰპირდება მოსახლეობას პენსიების მომატებაზე. ვაპირებ, დავამატო იმდენი, რასაც იმათ გამოვართმევთ. ეს ძალიან ადვილი საქმეა. თუ მოვიგე, პირველი ჩემი ბრძანებულება იქნება პენსიის გაზრდა ამ დანამატის ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.
საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.