„ყველას მოვუწოდებ ნუ სპეკულირებენ სხვისი უბედურებით” – დოდო გუგეშაშვილი ქარვის ბიზნესთან მის კავშირს გამორიცხავს

თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი “რუსთავი 2”-ის გადაცემა „კურიერში“ 25 აგვისტოს გასულ სიუჟეტში გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში სამართალდამცველები თითქოს ქარვის ბიზნესის ვერსიაზეც მუშაობენ, სიცრუეს უწოდებს.
როგორც გუგეშაშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, თავად ქარვის ბიზნესთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
გუგეშაშვილის განმარტებით, პირი, რომელმაც მას და მის შვილს ესროლა, მომხდარიდან რამდენიმე ხნით ადრე მას როგორც ვეტერანი ისე გაეცნო და კიევის ერთ-ერთი მაღაზიიდან აეროპორტამდე ქარვის ნაკეთობების უსაფრთხოდ გადატანაში დახმარება, კერძოდ კი შესაბამისი დაცვის სამსახურის მოძიება სთხოვა.
გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ ბოროტმოქმედებმა აღნიშნული თემა მასთან კომუნიკაციის დასამყარებლად გამოიყენეს და რეალურად არავითარ ბიზნესს ადგილი არ ჰქონია.
„მინდა გამოვეხმაურო „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერში“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ჩემი ოჯახის ტრაგედიას ეხებოდა. სიუჟეტში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოს მეც ვიყავი ჩართული ქარვის ბიზნესში, კერძოდ უკრაინიდან უნდა შემომეტანა ქარვის ნაკეთობები, შემდეგ ეს უნდა გატანილიყო თურქეთში. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ მომხდარი მკვლელობის გამოძების ფარგლებში სამართალდამცველები თითქოს ამ ვერსიაზეც მუშაობენ, რაც არის სრული სიცრუე, ცილისწამება, არაკომპეტენტურობა და ვფიქრობ, დროა შეწყდეს სპეკულაციები, სენსაციების კეთება სხვის უბედურებაზე. მე არაერთგზის განმიცხადებია, რომ მკვლელობამდე დამიკავშირდნენ ადამიანები, მკვლელები და გამეცნენ როგორც ვეტერანები, ჩემი ყოფილი თანამებრძოლების მეგობრები. მე აღარ გადამიმოწმებია, მათ სიტყვაზე ვენდე, შემდეგ თქვეს, რომ მათ თურქ პარტნიორს ჰქონდათ სურვილი უკრაინაში ერთ-ერთი მაღაზიაში ოფიციალურად, კანონიერად შეეძინა ქარვის ნაკეთობები და ვინაიდან ომია უკრაინაში უსაფრთხოდ მიეტანა კიევის აეროპორტამდე, შემდეგ კი თურქეთში გაიტანდნენ ამ ნაკეთობებს. მე რჩევა მკითხეს და მთხოვეს რომელი დაცვის სამსახურის წარმომადგენლების დახმარებით შეეძლოთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რა საკვირველია დავრეკე უკრაინაში ჩემ მეგობრებთან გავარკვიე, გავიგე როგორ ხდება ოფიციალურად უკრაინაშივე არსებულ დაცვის სამსახურთან ხელშეკრულების პირობებით მაღაზიიდან აეროპორტამდე ნივთის ტრანსპორტირება, ეს იყო და ეს. მერე გაირკვა, რომ მკვლელებს ქარვის ნაკეთობებთან დაკავშირებით არავითარი გეგმა არ ჰქონიათ და ეს იყო მოტივი ჩემთან დაახლოებისა, რათა ის უბედურება განეხორციელებინათ რაც ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ ვამბობ – მე ამ ბიზნესთან არანაირი კავშირი არ მქონია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის პათოსი ისეთია თითქოს კონტრაბანდაში ვიყავი ჩართული, თითქოს უკრაინიდან საქართველოში უნდა შემომეტანა ქვები და შემდეგ თურქეთში გამეტანა და რომ თითქოს გამოძიება ამ ვერსიაზეც მუშაობს. კიდევ ერთხელ ვამბობ – ეს არის სიცრუე, გამოძიება ამ ვერსიას საერთოდ არ განიხილავს, იმიტომ, რომ თავდაპირველად როგორც კი მე ვთქვი, რომ ვიღაცები დამიკავშირდნენ და ჩემთან დაახლოების მიზნით ქარვის ნაკეთობების თემა დაასახელეს, მაშინვე ჩვენმა საგამოძიებო ორგანომ უკრაინაში გადაამოწმა დარეკა თუ არა ვინმემ იმ დაცვის სამსახურში სერვისით სარგებლობის მიზნით, გააფორმა თუ არა ვინმემ ხელშეკრულება და იქაც არ დადასტურდა ეს ფაქტი. ასე რომ ყველას მოვუწოდებ ნუ სპეკულირებენ სხვისი უბედურებით“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბარში დოდო გუგეშაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები