„მიხეილ ჯავახიშვილი – შეწირული გენიოსი“: მარნეულში დიდი მწერალი გაიხსენეს
22 აგვისტოს, მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების პოპულარიზაციის მიზნით, ქალაქ მარნეულში, მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლთან გაიმართა საღამო სახელწოდებით: „მიხეილ ჯავახიშვილი – შეწირული გენიოსი“.
სკვერში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ და გასცნობოდნენ მიხეილ ჯავახიშვილის მოღვაწეობის ბოლო პერიოდს. მოეწყო მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც წარმოდგენილი იყო სოფელ წერაქვის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმის რეტროსპექტივა.
ადგილზე განთავსდა სოფელ წერაქვში, მწერლის სახლ-მუზეუმში დაცული ექსპონატები. ასევე, უჩვენეს აუდიო-ვიზუალური მასალა, რომელიც ასახავდა მწერლის ცხოვრებიდან რეალურ-ისტორიულ მოვლენებს, და რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილს – „მოგონებები და განცდები მამის დაპატიმრებაზე“ – ეკუთვნის.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული სტუმრები. მონაწილეებმა წაიკითხეს მცირე ამონარიდები ჯავახიშვილის შემოქმედებიდან და ისაუბრეს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე და მოვლენებზე მწერლის ბიოგრაფიიდან.
სიტყვით გამოვიდნენ: თემურ ჩალაბაშვილი, ზაალ ბოტკოველი, ლალი ცომაია, ბადრი ქუთათელაძე, თამარ შაიშმელაშვილი, ციცინო ბაბუციძე, გულნაზ გვალია, თათია შენგელაია, მამუკა ნავერიანი და სხვები.
თემურ ჩალაბაშვილი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე:
„მარტო აქ კი არა, მიხეილ ჯავახიშვილის დღეები, როგორც დიდი ეროვნული მწერლის, ილიას სულიერი მემკვიდრის ყველგან უნდა იმართებოდეს. ბევრი დღე უნდა გავმართოთ მიხეილ ჯავახიშვილისა. ეს სკვერი ყველაზე უპრიანია, მშვენიერი ადგილია. აქვეა საჯარო ბიბლიოთეკაა, რუსთაველის ქუჩა. არ შემიძლია არ ვთქვა, ნოდარ წულეისკირი, ასე მგონია, მისი მემკვიდრეა. მან მთელი ცხოვრება შეგნებული ცხოვრება აქ გაატარა, აქ შესწირა თავი მწერლობას და აქვე დაიმარხა. ეს არის დიდი ბედნიერება, მწერლის მორალი, რომელიც უნდა ჰქონდეს ქართველ მწერალს.
როდესაც ჩემი პატარა წიგნი გამოვიდა, იქ შევიტანე მიხეილ ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი ერთსტროფიანი ლექსი, რომელიც მწერლის ქალიშვილს, ქალბატონ ქეთევანს თვითონ მოუძიებია. გაოცებული დავრჩი, როდესაც მასთან მივედი და მიხეილის აზრებში ჩემი პატარა ლექსიც ეკიდა. ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. აი, ეს ლექსიც – „მიხეილ ჯავახიშვილის მონოლოგი:
„მკვდარმა როგორღა მოვიკლა თავი,
მსხვერპლი ასეთი როგორ გავიღო,
ვერ მიპოვია ჩემი საფლავი,
რომ ჩემივ ხელით დავათარიღო“.
თათია შენგელაია, წერაქვის მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორი:
„22 აგვისტო… „მიხეილ ჯავახიშვილი – შეწირული გენიოსი”, ულამაზასი საღამო, მადლობა მერიას და კულტურის სახლს ასეთი არაჩვეულებრივი სტუმრების ჩამოყვანისათვის ჩვენს მარნეულში. ყველანი მივესალმებით ამ გენიოსის სახელობის სკვერის გახსნის იდეას, მისი ძეგლის სიახლოვეს.
მიხეილ ჯავახიშვილი იმდენად მისაბაძია, როგორც ერის კაცი, რომ იგი სამაგალითოა თითოეული ადამიანისათვის, ვისაც კი პრეტენზია აქვს იყოს თავისი ქვეყნის პატრიოტი და ნებისმიერი სახით მისი სახელისათვის პატივის მიგება, ჩვენი მხრიდან ხასგასმაა, იმისა რომ ჩვენ გვჭირდება მსგავსი ადამიანი, ანუ მისი მემკვიდრე და გამგრძელებელი.
საღამოზე ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანებმა, კერძოდ ბატონმა თემურ ჩალაბაშვილმა და რობერტ პეტრიაშვილმა, ბაბუაჩემი, ნოდარ წულეისკირი, მოიხსენიეს, როგორც მიხეილის მემკვიდრე, მე პირადად სული გამითბო მათმა სიტყვებმა, უფალმა ინებოს, ჩვენ შევძლოთ, ჩვენი საქმიანობით ვიყოთ მიხეილის და მისი სულიერი მემკვიდრის გამგრძელებელნი. მადლობა ყველას გუშინდელი დასამახსოვრებელი დღისათვის. მადლობა სტუმრებს, გულიდან ამომავალი, ლანგრით მორთმეული ადამიანური სიყვარულის გამომხატველი სიტყვებისათვის“.