“მერკელის ვიზიტის მნიშვნელობა დიდია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც”
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის დაგეგმილი ვიზიტი შეაფასა.
ბესელიას განცხადებით, გერმანიის მხრიდან საქართველოსადმი მზარდი დაინტერესება და კეთილგანწყობა იგრძნობა.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო–გერმანიის მჭიდრო და პარტნიორული ურთიერთობა გაგრძელდეს. საქართველო-გერმანიას შორის მრავალგანზომილებიანი ურთიერთობაა, რომელიც პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, პოლიციის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებს მოიცავს. უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის მხრიდან იგრძნობა მზარდი დაინტერესება და კეთილგანწყობა საქართველოსადმი, ხოლო ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესი ცალსახად პოზიტიურად ფასდება. ანგელა მერკელის ვიზიტის მნიშვნელობა უდავოდ დიდია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ რეგიონისთვისაც.
ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა ძლიერი პოლიტიკური ბერკეტია. ქართულ-გერმანული ურთიერთობების ერთგვარი ქვაკუთხედია განათლებისა და მეცნიერების, ასევე სამართლებრივ სფეროში მიმდინარე კარგი თანამშრომლობა. ამ მხრივ მართლაც შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს. მინდა გამოვთქვა იმედი და მჯერა, რომ ეს ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის მომავალში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელოვანი იმპულსი და დადებითი დინამიკის გამგრძელებელი იქნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელი საქართველოს დღეს ეწევევა. გერმანიის კანცლერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაფრინდება, სადაც მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი დახვდებიან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს პირებთან.