ირაკლი კობახიძე აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა.
როგორც ამერიკელი კონგრესმენების წამყვანმა მრჩევლებმა განაცხადეს, ვიზიტის მიზანია ქვეყნის უკეთ გაცნობა, რაც კიდევ უფრო ინტენსიურს გახდის საქართველოსა და ამერიკის კონგრესს შორის ურთიერთობას და შესაბამისად, მათი სტუმრობის პირველი ადგილიც საქართველოს პარლამენტი გახდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის საგარეო მდგომარეობა, უსაფრთხოების საკითხები, შიდა რეფორმები და ეკონომიკური ვითარება.
სტუმრები დაინტერესდნენ ქვეყნაში გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგებით და განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, პარლამენტის როლის გაძლიერებით მთავრობაზე კონტროლის თვალსაზრისით. დელეგაციის წევრებმა ამ მიმართულებით კონგრესის გამოცდილებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება იყო. კონგრესის თანამშრომელთა შეკითხვები აღნიშნული საკითხის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ასპექტებს შეეხებოდა.
დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებით, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის როლით და რუსეთი მიერ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელის შეშლისკენ მიმართული ქმედებებით.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციის წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის აშშ-ის კონგრესთან ურთიერთობის მნიშვნელობას და განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველო-მოლდოვა-უკრაინის ერთობლივი ძალისხმევა ამერიკის კონგრესში მხარდაჭერის მოსაპოვებლად. მათი შეფასებით, „ეს ინიციატივა განსაკუთრებით ეფექტური მექანიზმია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები