“ბუდაპეშტში კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომლებიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია” – სამხარაძე

”კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია. შესაბამისად, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, ქართული მხარის გამოსვლაში მთავარი აქცენტი იმ საკითხებზე იქნება, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს წევრობას ეხება.

“მათ შორის, იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს და ასევე იმ ხედვაზე, რაც ევროკავშირის მომავალთან და საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით გვაქვს.

ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება იმაზეც, რომ საქართველოსთან მიმართებით, კონკრეტულ შემთხვევაში, უსამართლო მიდგომა იყო და ევროკავშირი არ ითვალისწინებდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს და იმას, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე მათი მიდგომა არ იყო მაინც და მაინც მეგობრული ჩვენს მიმართ. ასევე ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის იმ რეფორმების გატარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან დააახლოებს“, – განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები