საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები შეემატნენ (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 102 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. წვევამდელების ფიცის დადების ცერემონია გორში, I ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიულოცა. მან წვევამდელებს სიტყვით მიმართა, წარმატებები და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა.
დღესვე, სათანადო საბრძოლო მომზადებითა და დისციპლინით გამორჩეული ჯარისკაცები გამოავლინეს, რომლებსაც საპატიო სიგელები გადაეცათ.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების განმავლობაში, მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან, ჯარისკაცები პირველ ქვეით ბრიგადასა და საინჟინრო ბრიგადაში გადანაწილდებიან, სადაც 9 თვის განმავლობაში, იმსახურებენ. სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეები სრულყოფილ სამხედრო მომზადებას გაივლიან და მონაწილეობას მიიღებენ სწავლებებში, რომელიც ქვედანაყოფებში ჩატარდება. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები