გაერო და კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კრიზისული ვითარების დროს დაეხმარება

გაერო და კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფი (DMCT) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კრიზისული ვითარების დროს დაეხმარება – ამის შესახებ მემორანდუმი საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს, ნილ სკოტსა და შალვა ხუციშვილს შორის გაფორმდა.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფი, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ნილ სკოტია, უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციასა და რეაგირებას.
გარდა ამისა, სსმს ჩაერთვება საერთაშორისო ქსელში, სადაც საგანგებო სიტუაციების დროს მყისიერად მოხდება ინფორმაციის გავრცელება და შემდეგ უკვე საჭირო დახმარების მობილიზება.
“მემორანდუმი საფუძველს უქმნის სექტორთაშორის თანამშრომლობას, რომელიც ადამიანთა საჭიროებებზეა ორიენტირებული. ეს უპირობოდ გულისხმობს ჰუმანიტარულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომათა შორის კავშირს”, – განაცხადა შეხვედრაზე საქართველოში გაეროსა და კატასტროფის მართვის ქვეყნის ჯგუფის (DMCT) წარმომადგენელმა ნილ სკოტმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, მემორანდუმი გაამარტივებს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებასა და DMCT-ს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობას.
“საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში, DMCT დააორგანიზებს შეხვედრებსა და ინფორმაციის გაცვლას DMCT-სა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის, მოახდენს საჭიროებების შეფასებას ყველა შესაბამისი პირის ჩართულობით; ეს შეთანხმება მთავრობას დაეხმარება საზღვარგარეთიდან შემომავალი საერთაშორისო დახმარების მობილიზებასა და კოორდინირებაში, მათ შორის, ძებნასა და გადარჩენაში”, – განაცხადა შეხვედრაზე შალვა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები