გოგა ხაინდრავა: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შამბას ინტერვიუში მისი ადამიანური ასპექტი იყო

კინორეჟისორის, გოგა ხაინდრავას შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერ-მინისტრის, სერგი შამბას ინტერვიუში ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ადამიანური ასპექტი იყო. ხაინდრავას თქმით, მან პირველად გაიგო ის, რომ აფხაზები და ქართველები ერთმანეთისთვის მტრები არ არიან.
„შამბა გონიერი კაცია, ძალიან ავტორიტეტულია აფხაზურ საზოგადოებაში. შამბას ინტერვიუში ჩემთვის პოლიტიკური ასპექტი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რადგან წარსულს ეხება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ამ ინტერვიუში იყო ადამიანური ასპექტი. მე პირველად გავიგე ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურისგან, აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლისგან, რომ ჩვენ მტრები არ ვართ. ჩვენ ნამდვილად არ ვართ მტრები. მეც მინდა, დავარწმუნო, რომ ჩვენც ასე მივიჩნევთ – აფხაზები ჩვენი მტრები არ არიან.
პირიქით, ჩვენ ბევრი მეგობარი გვყავს, ეს მეგობრული და ნათესაური კავშირები არ განელებულა. ეს არის საწინდარი ჩვენი მომავლის, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ ქართველებმა და აფხაზებმა. მესამე მხარე შესაძლოა, პოლიტიკური დიალოგის მონაწილე იყოს, მაგრამ წმინდა ადამიანური დიალოგის მონაწილეები უნდა იყვნენ აფხაზური მხარე და ქართული მხარე”,- აღნიშნა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, თავის დროზე, არძინბა მზად იყო, ფედერაციულ მოწყობაზე მოეწერა ხელი, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება ამისთვის მზად არ აღმოჩნდა.
„მე მასთან ურთიერთობა მქონდა და მოლაპარაკებების ბევრი რაუნდი ჩავატარე. შამბა ამბობს სიმართლეს. პრიმაკოვმა ჩამოიყვანა არძინბა საქართველოში და არძინბა მზად იყო, ფედერაციულ მოწყობაზე მოეწერა ხელი. სამწუხაროდ, მაშინდელი ხელისუფლება და ედუარდ შევარდნაძე ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ, აჰყვნენ შიდა პოლიტიკურ კონიუნქტურას. ამაზე უარი ვთქვით და ძალიან სერიოზული შანსი გავუშვით ხელიდან. ვერ ვიტყვი, რომ ცალმხრივად იყო უარყოფილი რამე შესაძლებლობები, საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა ორივე მხარემ“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები