გუდიაშვილის მოედანზე ახალი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს

დედაქალაქის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტის – „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დროს, რომელსაც არქეოლოგიურ ზედამხედველობას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უწევს, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა. ესენია: სამი ქვევრი, თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები და ორი ხმალი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვევრები და თიხის ჭურჭელი, რომელიც ახოსპირელის N7/2-ში აღმოჩნდა, ზუსტად იმეორებს გუდიაშვილის მოედანზე, ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში ადრე გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.
აღმოჩენილი ხმლები რუსეთის იმპერიის არმიის შეიარაღების ნიმუშია. ისინი XIX საუკუნის მეორე ნახევარში დამზადებულია ზლატოუსტის იარაღის ფაბრიკაში, რაზეც მეტყველებს ხმლის პირზე არსებული დამღა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის საკონსერვაციო სამუშაოები (კონსერვაციის გეგმა – ორგანიზაცია „Icomos საქართველომ“ მოამზადა).
ტერიტორია, რომელსაც კონსერვაცია შეეხება, 4 ჰექტარს მოიცავს. მასზე 72 ნაგებობაა, რომელთაგან 31 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახური მომავალშიც სისტემატურ ზედამხედველობას გაუწევს ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალზე საკონსერვაციო სამუშაოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები