თამარ ჩუგოშვილი: პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობა აზრს არის მოკლებული და არაფრის მომცემი არ იქნება

 

“ჩვენ პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობას ვაპირებდით, თუმცა მოვლენები იმდაგვარად განვითარდა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა აზრს არის მოკლებული და არაფრის მომცემი არ იქნება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

ჩუგოშვილმა პრეზიდენტის მრჩევლის გუშინდელი განცხადება გაიხსენა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ მხრიდან კინკლაობას ადგილი არ აქვს.

“ჩვენ პრეზიდენტთან კონსულტაციებში მონაწილეობას ვაპირებდით, თუმცა მოვლენები იმდაგვარად განვითარდა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა აზრს არის მოკლებული და არაფრის მომცემი არ იქნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩვენთან საუბარს კინკლაობა უწოდა, არადა, სწორედ უმრავლესობა არის ის ჯგუფი, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით. ასეთი დამოკიდებულებით, ჩვენი საუბარი მხოლოდ ფორმალობა იქნება და კანდიდატზე ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება. ამიტომ პრეზიდენტს შეუძლია, თავად გააგრძელოს პროცესი, წარმოადგინოს კანდიდატურა და ჩვენ გადაწყვეტილებას კანდიდატურიდან გამომდინარე მივიღებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა თითქმის ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე საკუთარი ადმინისტრაციის წარმომადგენელები წარადგინა, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში, გარკვეულ სკეპტიციზმს აჩენს.

საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე პრეზიდენტთან შეხვედრის გადაწყვეტილება შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები