„ბიზნესი მაღალ ქუსლებზე” – ქართულ ტელესივრცეს ახალი გადაცემა შეემატა

ტელეკომპანია „TV 3“ -ის ეთერში შემეცნებითი გადაცემა “ბიზნესი მაღალ ქუსლებზე” დაიწყო. ის მაყურებელს ბიზნესში წარმატებულ ქალებზე მოუთხრობს. გადაცემის იდეის ავტორი რუსუდან ხაჩიძეა, პროდუსერი – ნატალია პაჭკორია, რეჟისორი მამუკა ჯიჯეიშვილი, რეჟისორის თანაშემწე კი – თამარ ბოჭორიშვილი.
გადაცემის საინფორმაციო მხარდამჭერია პორტალი ,,კვირა“ და მას მსახიობი ზურა ინგოროყვა უძღვება.
„კვირა“ გადაცემის იდეის ავტორს რუსუდან ხაჩიძეს დაუკავშირდა და სთხოვა, მომავალი გადაცემის შესახებ მოეთხრო:
– ამგვარი გადაცემის მომზადების სურვილი იმიტომ გამიჩნდა, რომ ქართულ ტელესივრცეში, ძირითადად, ერთი და იგივე სახეები ჩანს. მომინდა იმ ქართველ ქალებზე გამეკეთებინა გადაცემა, რომლებიც ჩრდილში არიან, მაგრამ ბევრ საჭირო საქმეს აკეთებენ. ამასთან, ოჯახსაც უვლიან და ბიზნესსაც წარმატებით უძღვებიან.
ეს ორმაგი ფუნქცია შესასრულებლად ძალიან რთულია და ჩვენ სწორედ ეს გვსურს მაყურებელს დავანახოთ. შევთანხმდეთ, რომ 21-ე საუკუნე მატრიარქატის ეპოქაა, როცა ქალები მომძლავრდნენ და მათ არა მარტო კომპანიების, არამედ მამაკაცების მართვაც საკმაოდ კარგად გამოსდით.
ისმის კითხვა: ეს ძლიერი სქესი დასუსტდა თუ სუსტი სქესი მივიდა ემანსიპაციიდან გენდერულ თანასწორობამდე? მაყურებელი ამ კითხვაზე პასუხსაც მიიღებს. ამ გადაცემით ასევე გვსურს იმ ქალების გააქტიურებაც, რომლებიც ხელებში თავჩარგულები, უმოქმედოდ სხედან ოჯახში. გვინდა, ბიზნესში წარმატებული ქალბატონები ქველმოქმედებიც გახდნენ.
გადაცემას გენდერული ბალანსის დასაცავად მამაკაცი, თანაც სიმპათიური მამაკაცი ზურა ინგოროყვა წაუძღვება. ჩვენ ქალბატონებს ვაჩვენებთ სხვადასხვა სიტუაციაში: საქმიანობის დროს, ოჯახში, დასვენების დროს, მეგობრებთან ერთად. გადაცემა საზოგადოებას არა მარტო თანამედროვე, არამედ ყველა დროის წარმატებულ ქალებს გააცნობს. იმედი გვაქვს, რომ ის რეიტინგული იქნება და თავისი ერთგული მაყურებელი ეყოლება. გადაცემა “ბიზნესი მაღალ ქუსლებზე” 30 -წუთიანი ქრონომეტრაჟით მზადდება, პირველი გადაცემა მაყურებელმა 6 მაისს უკვე იხილა. ის ეთერში ყოველ სამშაბათს, 10:30 წუთზე გავა.

10377808_747043155326849_317996247_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები