სალომე ზურაბიშვილი ცესკოში დარეგისტრირდა -იგი საპრეზიდენტო კამპანიას თბილისიდან იწყებს
სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კამპანიას ხვალ თბილისიდან იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა განაცხადა. მისი თქმით, იგი საარჩევნო კამპანიას თბილისის შემდეგ, რეგიონებში გააგრძელებს.
სალომე ზურაბიშვილის ინფორმაციით, იგი მხარდამჭერებთან ერთად, რეგიონში პირველად დიდ ჯიხაიშში ჩავა და ამომრჩეველს შეხვდება.
„დღეს ცესკოში დავრეგისტრირდი, თუმცა საჭიროა 25 ათასი ხელმოწერა, შემდგომი რეგისტრაციისთვის. ამ ხელმოწერებს შევაგროვებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. ხვალიდან, უკვე საარჩევნო კამპანიას თბილისიდან დავიწყებ. ამის შემდეგ კი მხარდამჭერებთან ერთად, რეგიონებში ჩავალ. პირველად დიდი ჯიხიაიშის ამომრჩეველს შევხვდები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისათვის, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 15.00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა. ცესკოს შენობასთან სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. მათ შორის იყო საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი – გიორგი კალანდია. გიორგი კალანდიამ სალომე ზურაბიშვილს ევროპული ტიპის პოლიტიკოსი უწოდა და მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრის.