მთავრობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებაზე მუშაობას იწყებს

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს მუშაობა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებაზე. საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვია. მისი წილი ქვეყნის მთლიან გაფრქვევებში დაახლოებით 71%-ს შეადგენს. ავტოტრანსპორტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით ყველაზე მწვავე მდგომარეობა თბილისშია, სადაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1/3 ცხოვრობს და თავმოყრილია მთლიანი სატრანსპორტო საშუალებების 40%, რომლის წილი ქალაქის დაბინძურებაში 95%-ზე მეტია. აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან, რომლებიც საავტომობილო პარკის დაახლოებით 80%-ს შეადგენს, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეგულირება საქართველოში ბოლო 9 წლის განმავლობაში არ ხორციელდება, რადგან 2004 წლიდან მათთვის ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ნებაყოფლობითია. ქვეყანაში კატასტროფულადაა მომატებული ონკოლოგიურ დაავადებათა მაჩვენებელი. ჰაერის დაბინძურება განსაკუთრებით მოქმედებს ბავშვებზე. ავტომანქანების ტექნიკური გაუმართაობა, ჰაერის დაბინძურების გარდა, მოქმედებს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობისა და სიცოცხლის რისკის ზრდაზე. შსს-ს ინფორმაციით, ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით, ათასობით ავარია ხდება, რომელთა დიდი ნაწილი მძიმე დაზიანებებით ან ლეტალური შედეგებით სრულდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ავტოსატრანსპორტო სფეროს ოპტიმიზაციისთვის ეტაპობრივი რეგულაციების შემოღების თაობაზე. ამ მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობდა მსოფლიოში ყველაზე გამოცდილ და ავტორიტეტულ საერთაშორისო კომპანიებთან. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია, რომ საქართველოში შემოდის ევროპული „ხარისხის ნიშანი” – ასოციაცია „TUV“-ი, რომლიც ჩაერთვება ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგვაში. ამავე დროს, მიმდინარეობს მოლაპარაკება „TUV“-ის სხვა სფეროებში ჩართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა: ექიმების კვალიფიკაციის ამაღლება, მასწავლებლების გადამზადება და სხვა. „TUV“-ი ეს არის ტექნიკური ინსპექციის ასოციაცია, რომელიც 130 წელზე მეტია გერმანიაში ფუნქციონირებს და ნებისმიერი სახის ტექნიკური დანადგარს ამოწმებს. ფრანგულ „SGS“-თან ერთად „TUV“-ი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდი სერტიფიცირების უფლების მქონე კომერციულ სტრუქტურას. გერმანიაში ყველა ავტომობილი „TUV-“ის მიერაა შემოწმებული. ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა ყველა ევროპულ და განვითარებულ ქვეყანაში. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება 2015 წლის 1 მარტიდან დაიწყება. უახლოესი თვეების მანძილზე შსს მომსახურების სააგენტო ჩამოაყალიბებს იმ ნორმებს და სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც ინსპექტირება განხორციელდება, სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოში არსებული მდგომარეობა. მთავრობის ეს გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა მოქალაქეთა ჯანმრთელობის, ჯანსაღი გარემოს შექმნისა და სიცოცხლისათვის საშიში რისკების შემცირების უზრუნველსაყოფად. წინასწარი პროგნოზით, სისტემის ამოქმედებიდან ერთ წელიწადში მავნე გამონაბოლქვის ზემოქმედება შემცირდება 25 პროცენტით. მომდევნო წლებში, თანამიმდევრული, კომპლექსური ღონისძიებების ერთობლიობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები