“პრეზიდენტმა დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებაში და მოხმარების პროპაგანდაში”

„ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის მიერ მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.
როგორც ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი ნარკოტიკების მოხმარების მხარესაა და დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში მის გავრცელებაში. „ქართული დასის“ ლიდერი წუხს, რომ საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტის დამოკიდებულება არის სრულიად სამარცხვინო, არასერიოზული და ძალიან ვწუხვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი, რომელთანაც თავიდანვე საკმაოდ კონსტრუქციული ურთიერთობა მქონდა, ბოლომდე ვცდილობდი და ახლაც ვცდილობ, რომ ეს ურთიერთობა შევინარჩუნო, ასეთ სამარცხვინო პოზიციებს იჭერს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. პრინციპში, პრეზიდენტი ძალიან სამარცხვინოდ და მისდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა ნარკოტიკების მოხმარებისა და ლობისტების მხარეს. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელებაში და მოხმარების პროპაგანდაში. ვწუხვარ, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს“,- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მარგველაშვილის პოზიციამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით,  ვინმეზე გავლენა მოახდინა.
ბაღათურია არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ საკვირაო ქადაგებისას, როდესაც ილია მეორემ ბრძანა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გარკვეული პირების ზეწოლის ქვეშ მიიღო, პრეზიდენტიც იგულისხმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები