პრემიერი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ვალდებულება და საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო დანაყოფები გაიყვანოს

0

“მშვიდობას აღარაფერი უნდა დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში, რადგან მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 10 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ ქართულ სახელმწიფოებრიობაზე კიდევ ერთი აგრესია მიიტანა და ეს იყო ყველაზე ტრაგიკული დღეები საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„რუსული აგრესია, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, მსხვერპლი, ათობით ათასი დევნილი, მოუშუშებელი ტკივილია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ეს იყო ძალიან მძიმე დღეები, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის გზა, რომელზეც საქართველო მტკიცედ დგას, რა თქმა უნდა, აღსავსეა გამოწვევებით, მაგრამ ამავე დროს გვაჩვენა ის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის ერთიანობით დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენი პასუხი ამ აგრესიაზე, ამ გამოწვევაზე, არის მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, ევროპული ხარისხის და ფილოსოფიის სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და რა თქმა უნდა – საქართველოს დაბრუნება თავის ოჯახში – ევროპულ ცივილიზაციაში”, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა იმ ოჯახებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა, რომლებმაც შვილები, ძმები, დები, მშობლები, მეგობრები დაკარგეს და აღნიშნა, რომ განწყობა არის ერთი – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს.

„მშვიდობა მოგვიტანს ისეთ საქართველოს, რომელიც იქნება და არის ერთდერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი და ერთიანი სახელმწიფო. ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება და ამ პროგრამებს აუცილებლად წარმატებით დავასრულებთ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი 7 აგვისტოს საქართველოში პოლონეთის, ლიეტუვას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და უკრაინის ვიცე-პრემიერის ვიზიტს გამოეხმაურა, რომელთა მონაწილეობით ომიდან 10 წლისთავზე გაიმართა მრგვალი მაგიდა სიმბოლური სახელით – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”.

„ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ინსტიტუტებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს ჩვენი ქვეყნისა და იმ ფასეულობების მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. მსურს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარ ქვეყნებს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის, რაც მათ ამ დღეებში კიდევ ერთხელ გვაჩვენეს. ამასთან ერთად, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები. ბევრი სხვა ტიპის განცხადებაც მოვისმინეთ. ამაზე ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია – 2008 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, შესაბამისად, მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთს, შესრულოს ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს იქნება სწორედ ყველაზე სწორი სიგნალი იმისთვის, რომ დავიწყოთ ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი