გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთ-საქართველოს 10 წლისთავზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

უშიშროების საბჭოს დიდი ბრიტანეთის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს შორის ომის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოზე მოხსენებით პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე – თაი-ბრუკ ზერიუნი წარდგა.
სხდომის დასრულების შემდგომ, აშშ-ის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის სახელით, სპეციალური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, კარენ პირსმა. მისი განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს. მისი თქმით, აღნიშნული ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტს, აფერხებს შერიგების პროცესს და უკიდურესად უარყოფითი გავლენა აქვს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
„რუსეთის ქმედებები ადასტურებს, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 2008 წლის ომის დროს. საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური უმრავლესობა არ ცნობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობას, მაგრამ რუსეთის მიერ ამ რეგიონების აღიარება ხელს უწყობს ქვეყნის დანაწევრებას, კონფლიქტის გაგრძელებასა და დესტაბილიზაციას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ბრიტანეთის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება“,- განაცხადა კარენ პირსმა.
კარენ პირსმა ყურადღება გაამახვილა იმ ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებზე, რომლებიც წარმოიშვა კონფლიქტის შედეგად – ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის აუცილებლობის, ასევე, გადაადგილების უფლების შეზღუდვის და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებისათვის საზიანო ქმედებების შესახებ. დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და მათი საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების მიმართ. კარენ პირსმა ასევე მოუწოდა მხარეებს, რომ კოფლიქტის მოგვარების მიზნით, გააძლიერონ მათი ჩართულობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მან, ასევე, მოიწონა საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები