თეა წულუკიანი: რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, მალე გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია

“საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თეა წულუკიანის განმარტებით, უამრავი მტკიცებულება არის წარდგენილი ჰააგაში იმის დამადასტურებლად, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის მისი პოზიცია, რომელსაც მთავრობა იზიარებს.

„ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი – ეს არის ის პოზიცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ქართველი ხალხი, მისი მთავრობა და მთავრობის სახელით იუსტიციის სამინისტრო იცავს სტრასბურგში ევროპული სასამართლოს წინაშე და ჰააგის სასამართლოს გამოძიების ფარგლებში. ეს პოზიცია არის შემდეგი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი. მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე, არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში. საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის ის პოზიცია რასაც მე ვიზიარებ. რომელზეც მყარად დგას ჩვენი მთავრობა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და მმართველი პარტია. დღეს მე აღარ ვაპირებ რამე კომენტარი ვაკეთო ნებისმიერ ისეთ განცხადებაზე, რომელიც თუნდაც ოდნავ განსხვავდება ამ პოზიციისგან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები