პატრიარქი მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციაზე: ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა

ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება – ეს არის დიდი შეცდომა – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რითიც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„ამ ბოლო დროს საქართველოში დიდი მღელვარება შემოვიდა. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის ადამიანის ბუნება უფრო მძიმე ნარკოტიკებს ითხოვს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა ნარკოტიკებზე, თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ ეს დადგენილება გამოეტანათ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა. მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას – მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას, ინტელიგენციას და ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა დაცემის დასაწყისია. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე“ , – აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები