ბაიკალის ტბაზე ტურისტებით სავსე ავტომობილი ყინულიან წყალში გადავარდა – არის მსხვერპლი
რუსეთში, ბაიკალის ტბაზე ტურისტებით სავსე ავტომობილი გაყინულ წყალში ჩავარდა, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი მონაცემებით, ავტომობილი გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ყინული ჩატყდა და ტრანსპორტი წყალში ჩავარდა.
მედიის ცნობით, ერთი მგზავრი გადარჩა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში უცხოელი ტურისტები იმყოფებოდნენ.
„უცხოელი ტურისტები, რომლებიც ბაიკალის ტბაზე გაუჩინარდნენ, როდესაც მათი მანქანა ყინულში გადავარდა, დაღუპულად ითვლებიან. ინციდენტის შესახებ ინფორმირებულია ჩინეთის გენერალური საკონსულო ირკუტსკში“, – განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს და ადგენენ, დაირღვა თუ არა უსაფრთხოების წესები გაყინულ ტბაზე გადაადგილებისას.