ლევან გოგიჩაიშვილი: მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკვევლობაში ამყოფებს

მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკვევლობაში ამყოფებს და თარიღს არ ნიშნავს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
გოგიჩაიშვილის თქმით, პრეზიდენტი მარგველაშვილი იმ ლოგიკას ეწინააღმდეგება, რომელსაც ორი წლის უკან, მიუხედავად მთავრობის, პარტიების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის მოწოდებისა, ჯიუტად იცავდა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს 2016 წელს, მარგველაშვილის გადაწყვეტილება, როდესაც საპარლამენტო არჩევნების თარიღი 6 თვით ადრე გამოაცხადა, რის შედეგადაც საარჩევნო ხარჯები გაიზარდა, კამპანიის წარმოება და საპარლამენტო მუშაობა კი, ფაქტობრივად, ერთდროულად მიმდინარეობდა, რამაც გარკვეულწილად საარჩევნო პროცესი დააზიანა. მისი ერთადერთი არგუმენტი იყო, რომ პარტიებს არჩევნებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონოდათ, თუმცა, როდესაც საქმე საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის დანიშვნას ეხება, მარგველაშვილი დროს აჭიანურებს, საარჩევნო სუბიექტებსა თუ კანდიდატებს გაურკვევლობაში ამყოფებს და თარიღს არ ნიშნავს. ის, ზოგჯერ აგვიანებს, ზოგჯერ ნაადრევად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო ზოგჯერ ილუზიას ქმნის, თითქოს რაიმე მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს. მისი ასეთი ქმედებები კი სახელმწიფოს ინტერესებსა და პოლიტიკურ პროცესს აზიანებს” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები