კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში, მდინარე ყვირილაზე დამცავი კედელი მოაწყო (ფოტო,ვიდეო)

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში, მდინარე ყვირილაზე დამცავი კედელი მოაწყო. როგორც კომპანიის გარემოს დაცვის დირექტორმა, ირაკლი ნოზაძემ განაცხადა, სანაყაროზე მდებარე აგლომერატი მდინარის ადიდებისას მის დაბინძურებას იწვევდა. მისივე თქმით, ამჟამად ეს პრობლემა გადაჭრილია და მსგავსი შემთხვევები ვეღარ განმეორდება.
“ჩვენ ახალი ქარხნის მშენებლობის ნებართვის ფარგლებში მომზადებული ეკოლოგიური ექპერტიზის დასკვნის პირობით გვქონდა, რომლის მიხედვითაც აგლომერატის სანაყაროზე, მდინარე ყვირილაზე უნდა მოგვეწყო დამცავი კედელი, რომელიც აღკვეთდა შუალედური პროდუქტის მდინარეში მოხვედრას, შესაბამისად დაბინძურებას. იგივე ვალდებულება უზრუნველყოფილი იყო სპეციალური მმართველის დანიშვნის შედეგად სამოქმედო გეგმისას, შესაბამისად, ამ გეგმის შესრულების მიზნით, მოეწყო ეს კედელი. როდესაც მდინარე დიდდებოდა, მიჰქონდა აგლომერატი და ბუნებრივია, იწვევდა მის დაბინძურებას, დღესდღეობით კი ეს უკვე შეუძლებელია”,-განაცხადა ირაკლი ნოზაძემ.
შეგახსენებთ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი ერთი წლის წინ დანიშნა. მან ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში 14-პუნქტიანი საშუალოვადიანი (2017-2019 წლები), დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა წარადგინა, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტად აღნიშნული პროექტიც იყო. მის მიერ წარმოდგენილი გეგმა კი სამ წელზეა გათვლილი. ნიკოლოზ ჩიქოვანი სპეციალურ მმართველად, სასამართლომ 3 წლის ვადით, 2020 წლის 11 მაისამდე დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში მანგანუმის მადნის გადამამუშავებელი ახალი ქარხნის მშენებლობა შარშან დაიწყო, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები