17 წლის ანა ჟვანია გაეროს ახალგაზრდულ სესიაზე ეროვნული სამოსით და საქართველოს დროშით გამოვა
17 წლის ანა ჟვანია გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის 22-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ნიუ-იორკში 10-13 აგვისტოს გაიმართება.
18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის ქართველი მონაწილე პირველია, ვინც ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სკოლაში ჩაირიცხა.
13 აგვისტოს ანა გაეროს ასამბლეის წინაშე ქართული ეროვნული სამოსით და საქართველოს დროშით წარდგება.
ანა ჟვანია:
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მაშტაბის პროექტში მონაწილეობა და, მით უმეტეს, ჩემი ქვეყნის წარდგენა. სულმოუთმენლად ველი გაეროს ასამბლეის დაწყებას, რადგან ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღების საშუალებაა. საქართველოში არაერთხელ ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროექტსა თუ მოდელირებაში. საინტერესოა, რამდენად განსხვავებული იქნება ნიუ-იორკში ჩატარებული გაეროს გენერალური ასამბლეის მოდელირება.
მესამე, დასკვნით დღეს, მაქვს პატივი, გამოვიდე ჩემი ქვეყნის ეროვნულ სამოსში, დავიჭირო ჩემი ქვეყნის დროშა და წარვადგინო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო სამშობლო – საქართველო“.
ანა ჟვანია თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. საქართველოს მასშტაბით, არაერთ განსხვავებულ პროექტში მონაწილეობდა, ასევე ორი წლის წინ, ამერიკაში, ნიუ-იორკში დაამთავრა “Berlitz-rockefeller center”-ის ენის შემსწავლელი კურსი.
– სკოლის დასრულების შემდეგ სად აპირებთ სწავლის გაგრძელებას?
– ამერიკაში ვაპირებ უნივერსიტეტის, კერძოდ, მაგისტრატურის დამთავრებას. მაგრამ იქ საცხოვრებლად გადასვლას არ ვგეგმავ. საქართველოში დავბრუნდები და აქ გავაგრძელებ მოღვაწეობას…
– მშობლიური კუთხეა აფხაზეთი, სოხუმი...
– ვწუხვარ, რომ ვერ ჩავდივარ და ვერ ვნახულობ ამ უნიკალურ და ულამაზეს ადგილს. ამიტომაც დიდი სურვილი მაქვს, საქართველო გაერთიანდეს და ჩვენ დავბრუნდეთ აფხაზეთში.
ანა ჟვანია სკოლაში ჩართულია სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში, აქტიურად მონაწილეობდა სკოლის სამოქალაქო კლუბში. ასევე 2017 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურის „იმიტირებულ გამოძიებაში”, სადაც წილად ხვდა პროკურორის როლში ყოფნა, რამაც ძალიან დააინტერესა და საინტერესო გამოცდილება შესძინა.
თავისუფალ დროს უთმობს მუსიკას და ქართულ ცეკვას. წარმატებით დაამთავრა ს.ინაშვილის სახელობის მე-12 მუსიკალური სასწავლებელი – ფორტეპიანოს განხრით, 8 წლის განმავლობაში ცეკვავდა ქართულ ეროვნულ ანსამბლ „ყაზბეგში”.
სკოლაში არის ოქროს მედლის კანდიდატი და დიდი იმედი აქვს, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.