„29 ივლისს, დიდი მსვლელობა წყალტუბოსკენ“… – იზა ვეფხვაძის სპექტაკლი „ჩვენი ოტია“ გაიმართება
29 ივლისს, 14:00 საათზე, წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩა N1-ში, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის მორიგი წარმოდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა და მსახიობმა იზა ვეფხვაძემ აცნობა, პროექტის ,,ჩემი საქართველო აქ არის” ფარგლებში, გამართავს ქართველი მწერლის, დრამატურგის, კინოსცენარისტის ოტია იოსელიანისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ სპექტაკლს ,,ჩვენი ოტია”.
იზა ვეფხვაძე ამ მოვლენის აღსანიშნავად ფეისბუქის გვერდზე სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს: „მათთვის, ვისაც სიყვარული შეუძლია“…
„29 ივლისს, დიდი მსვლელობა წყალტუბოსკენ…
ჩემო ძვირფასებო, იცით, რომ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მესამე წელია ახორციელებს პროექტს „ჩემი საქართველო აქ არის“, რომლის ფარგლებშიც თეატრი საქართველოს მთა და ბარში მოგზაურობს და ატარებს სპექტაკლებს. მომდევნო სპექტაკლი, 29 ივლისს, კვირას, 14:00 საათზე, გაიმართება წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩა №1-ში, ოტია იოსელიანის ეზოში, მის საფლავთან და მიეძღვნება ოტია იოსელიანს. სპექტაკლის სახელწოდებაა „ჩვენი ოტია“…
გარდა ამისა, ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ 2 წლის განმავლობაში მქონდა პირადი ინიციატივა და საქართველოს რეგიონებში ვაშენებდი ბევრ კარგ ქართველთან ერთად „სიყვარულის ხეივნებს“, ასეთი 50-ზე მეტი ხეივანი გაშენდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის ქუთაისში და წყალტუბოში, ამ ინიციატივის ფარგლებში, ხეები დაირგო ოტია იოსელიანის ეზოშიც.
29 ივლისს, ყველანი, ვისაც სიყვარული შეუძლია (ქვეყნის, ერის, ოჯახის, მოყვასის), 12 საათზე ვიკრიბებით ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სადაც გასულ წელს გავაშენეთ „სიყვარულის ხეივანი”, იქ, ჩავკიდებთ ხელებს ერთმანეთს და შევკრავთ „სიყვარულის ჯაჭვს”, შემდეგ ხეივანში დავრგავთ „სიყვარულის ხეს”, იქვე, პარკში, გვერდით, არის პარკის დირექტორის, კარგი ქართველის – გიზო თავაძის ინიციტივით გაშენებული „ოტია იოსელიანის ხეივანი” ოტიას ბიუსტით.გავივლით ამ ხეივანსაც და ყველა ერთად გავემგზავრებით ჩვენ – ჩვენი ტრანსპორტით წყალტუბოსკენ, სადაც პატივს მივაგებთ ამ დიდ ქართველს და ლიტერატურული თეატრი გამართავს ლიტერატურულ წარმოდგენას – ” ჩვენი ოტია”…
ეს იქნება ორი პროექტის გაერთიანება: „მე თქვენ მიყვარხართ“ და „ჩემი საქართველო აქ არის“…
გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია და ეს დღე იყოს ძალიან ლამაზი, ფორმით და შინაარსით…
უფალი ჩვენთან…
ღმერთი სიყვარული არს…
შეხვედრამდე… 29 ივლისამდე…
P.S. სიყვარულის ხეივანში შედგება პრეზენტაცია თემურ ჩალაბაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერის, კომპოზიტორი და შემსრულებელი, ქალბატონი ია მაისაია“… – წერს იზა ვეფხვაძე.