ყვარლის ჯვარპატიოსნის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ყვარელში მდებარე ადრეშუასაუკუნეების ჯვარპატიოსანის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 8 მაისის ბრძანებით მიიღო.
ეკლესია დარბაზულია (7.7×5.6 მ). ნაგებია რიყის ქვით, თაღი და კონქი გადაყვანილია აგურით (გვიან შუა საუკუნეებშია გადაკეთებული). ერთადერთი კარი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. კარი ორივე მხრიდან სწორკუთხაა. ყველა კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია. კედლები აგურის ლავგარდნით სრულდება. გადახურულია კრამიტით. აღმოსავლეთით მხრებით გამოყოფილი ღრმა და ნალისებრი აბსიდია, რომლის სიღრმე დარბაზის ნახევრის ტოლია. კონქი ნახევარწრიული. დარბაზის კამარა დასავლეთ კედლის კუთხეში პილასტრებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფრონტონებში აგურის წყობის ჩაღრმავებით ჯვარია მოცემული.
ეკლესია ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება, გადაკეთებულია გვიან შუა საუკუნეებში.