გიგა ბუკია: პიროვნული შეურაცხყოფის საჯარო სივრცეში მიყენება არამგონია ვინმესთვის მისაღები იყოს

ფრაქცია „კონსერვატორების” თავმჯდომარე გიგა ბუკია უმრავლესობის დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის “ქართული ოცნებიდან” გარიცხვის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, პიროვნული შეურაცხყოფის საჯარო სივრცეში მიყენება მისაღები არ არის.
გიგა ბუკია მიიჩნევს, რომ თუ ჭიჭინაძისთვის რამე მიუღებელი იყო თავად უნდა წასულიყო პარტიიდან და მსგავსი განცხადებები არ უნდა ეკეთებინა.
“დავით ჭიჭინაძეს აქ ჰქონდა არანაირი პრობლემა თავისი აზრის დაფიქსირების როგორც უმრავლესობაში, ისე პარტიაში. ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო მისგან საჯარო სივრცეში პიროვნებებზე შეურაცხმყოფელი განცხადებები და ამით ისე წარმოჩენა საკითხის, რომ მას არ ჰქონდა საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. ბუნებრივია, ყველა პარტიას აქვს თავისი დისციპლინა და აუცილებელია ამისი დაცვა. ჩვენ კონსერვატორებსაც გვაქვს ჩვენი წესდება. ამაში არაფერი ახალი და განსაკუთრებულ არ არის. ალბათ უმჯობესი იქნებოდა დავითს უფრო სხვა ფორმა აერჩია. პარტიის შიგნიდან უფრო აქტიურად შეეძლო მას მისი საკუთარი პოზიციის ლობირებაც და გამოხატვაც.
როდესაც ადამიანი არის პარტიაში მან ჯერ თავისი პოზიცია და რესურსი იქ უნდა ამოწუროს და თუ ის ხედავს, რომ მისი ადგილი იქ არ არის თვითონ უნდა დატოვოს ის ადგილი. პიროვნული შეურაცხყოფის საჯარო სივრცეში მიყენება არამგონია რაიმე პოზიციონერობას ნიშნავდეს და ვინმესთვის მისაღები იყოს. როგორ წარმოგიდგენიათ ოჯახის წევრები შიგნით კამათობდნენ და გარეთ ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ეს არ არის ლამაზი და მისაღები. მერწმუნეთ, რომ უმრავლესობაში ბევრად უფრო მწვავე კამათიც მიდის ხოლმე და მეც არაერთხელ მქონია რაღაც საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება და ამასთან დაკავშირებით შეზღუდული არავისგან არ ვყოფილვარ. თუ შენთვის მიუღებელია რაღაც შენთვითონ უნდა დატოვო ის ადგილი. მისი ეს საქციელი არ იყო კომუნიკაციის სწორი ფორმა”,-განაცხადა ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები