გედევან ფოფხაძე “ემოციური განცხადების გამო” კოლეგებისგან “მიტევებას ითხოვს”

„ვთხოვ, ჩემ კოლეგებს, რომ მომიტევენ ეს ციტატა, ემოციური იყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და თანაპარტიელის, დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებაზე ბოდიში მოიხადა.
გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ დიალოგის რესურსი ჯერ ამოწურული არ არის და მზადყოფნას გამოთქვამს ჭიჭინაძესა და მმართველ გუნდს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
„ბოდიშს ვიხდი ამ ციტატის გამო. ვთხოვ ჩემ კოლეგებს, რომ მომიტევონ ეს ციტატა, ემოციური იყო. მაქსიმალურად მინდა ამ ვითარებაში შუამავლის როლი ვითამაშო. თავის დროზე დავით ჭიჭინაძე მე მარწმუნებდა, რომ ჩემი გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო და „ქართული ოცნებიდან“ ჩვენი გუნდურობა არის მნიშვნელოვანი, მე ვაპირებ იგივე გავაკეთო და ვესაუბრო დავითს ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა, რომ ეს გადაწყვეტილბა შეიცვალოს პოლიტსაბჭოს მიერ და მინდა ამ ყველაფრში ჩემი თანაგუნდელი ჩაერთოს. თუ ვინმეს რაიმე წყენა აქვს ბატონ დავითთან მიმართებაში, ამაზეც გუნდის შიგნით ერთმანეთთან ვისაუბროთ”, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძემ გუშინ, პარტია „ქართული ოცნება“ „კომკავშირსა“ და „კომპარტიას“ შედარა. მან აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, როდესაც მისი თანარტიელი დავით ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხეს.
„შეუძლიათ, პარტიას, ქართული ოცნების ნაცვლად, “კომკავშირი” ან “კომპარტია” დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება,“ – ასე გამოეხმაურა გუშინ, დეპუტატი გედევან ფოფხაძე ქართული ოცნებიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას.
ამასთან, ცნობილია რომ დავით ჭიჭინაძე “ქართულმა ოცნებამ” პარტიიდან გუშინ გარიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები