დავით ზალკალიანი – რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს

„სრულფასოვანი ურთიერთობები გადის იმ წითელ ხაზზე რომელსაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ამიტომ ყველა, მათ შორის რუსეთის ფედერაცია ვალდებულია პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და იმ ძირითად პრინციპს, რომელიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების წარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც საუბარი იყო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილზე.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ამ საკითხის სიმწვავისა, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა ვითარების დეესკალაციის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგების კუთხით პროგრესი არ ყოფილა.
„საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია და ამას ჰქონოდა პოზიტიური ასახვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატზეც, სამწუხაროდ პოლიტიკური მოწესრიგების კუთხით არ ყოფილა პროგრესი, მაგრამ ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო ინიციატივების წინ წამოწევას, რომელიც ხელს უწყობს კონფლიქტის პოლიტიკურ მოწესრიგებას”, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისი განცხადებით, საქართველო განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკას, რისი დასტურიც არის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”, რაც მიმართულია საოკუპაციო ხაზის იქით მცხოვრები თანამემამულეების ყოფის გაუმჯობესებისკენ, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ ყველა იმ სიკეთეებსა და ბენეფიტებზე, რასაც საქართველო იღებს, თუნდაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები