იენს სტოლტენბერგი – გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ კვირას გამართულ სამიტზე 29-ვე მოკავშირემ დაადასტურა, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

„ეს შეესაბამება 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას თქვენთან საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს რეფორმებში, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვითი ინსტიტუტების შექმნის და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდეს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, თბილისის მახლობლად ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრთან ერთად, უკვე აძლიერებს თქვენი ქვეყნის თავდაცვით რეფორმებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, მომავალ წელს ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებში მოკავშირეების ფართო მონაწილეობას ელოდება.

„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია შავი ზღვის რეგიონში და რუსეთის მდგრადი სამხედრო აქტივობები რეგიონში. შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია, ნატო და საქართველო ამ რეგიონში თანამშრომლობას აძლიერებენ საქართველოს საზღვაო მესაზღვრეების მომზადებით, ნატო-სა და საქართველოს საზღვაო ძალების ურთიერთობების გაძლიერებითა და საქართველოს საზღვაო ოპერაციებს ერთობლივ ცენტრსა და ნატო-ს საზღვაო ცენტრს შორის თანამშრომლობით. ნატო ერთიანია საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისამდი მხარდჭერაში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები თქვენი ქვეყნიდან“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძლიერია, როგორც არასდროს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები