თეა წულუკიანი სამინისტროების შერწყმაზე: ეს გაერთიანება ჩემთვის არ ნიშნავს საკადრო ცვლილებებსა და ხალხის გაშვებას

სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროების შერწყმა-გაერთიანება ჩემთვის არ ნიშნავს საკადრო ცვლილებებსა და ხალხის გაშვებას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ორივე უწყებაში არის ძალიან მდიდარი და მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც წულუკიანის განცხადებით ოპტიმალურად უნდა იქნას გამოყენებული.

„ამჟამად მიმდინარეობს ძალიან ფაქიზი და მნიშვნელოვანი პროცესი, სასჯელაღსრულების და იუსტიციის სამინისტროების შერწყმა-გაერთიანება. უკვე შევხვდი თითქმის ყველა ხელმძღვანელ რგოლს, დარჩა ორი-სამი სამსახური, რომელთანაც შეხვედრებს კვირის ბოლომდე დავასრულებ. მე მათ ვუთხარი და საჯაროდაც ვთქვი პარლამენტის საპატიო ტრიბუნიდან, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის არ ნიშნავს საკადრო ცვლილებებსა და ხალხის გაშვებას. პირიქით, ვფიქრობ, ორივე სამინისტროში არის ძალიან მდიდარი და მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ყველას იგივე ან ახალი პოზიცია უნდა ჰქონდეს, რათა ქვეყნისთვის საქმე კიდევ უფრო აქტიურად აკეთოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულების სისტემაში ბევრი საქმე დარჩა, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რათა 2020 წლისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის და ევროპული ციხე არსებობდეს.

რაც შეეხება თანამშრომელთა ხელფასების შესაძლო მომატების საკითხს, წულუკიანის თქმით, ზოგიერთ მძიმე სამუშაოზე ხელფასი ძალიან დაბალია.

„ყველა ღონეს მივმართავ , რომ მაგალითად, ბადრაგების და მსგავსი პროფესიის პირებს ჰქონდეთ კიდევ უფრო ღირსეული პირობები, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. ეს ნამდვილად არის ჩემი გამოწვევა ”,- აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები