თეა წულუკიანმა არგენტინის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების მინისტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

იუსტიციის მინისტრი „ღია მმართველობის პარტნიორობის” გლობალური სამიტის სტუმრებთან ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

ორმხრივი შეხვედრების ფორმატში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არგენტინის რესპუბლიკის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების მინისტრ გერმან გარავანოს და მოდერნიზაციის მინისტრის ანდრეს იბარას შეხვდა. შეხვედრა ფუნიკულიორის კომპლექსში გაიმართა. საქართველო-არგენტინას შორის გაფორმდა  მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მართლმსაჯულების ადმინისტრირება. აღნიშნულ საკითხებში წარმატებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში.

არგენტინის იუსტიციისა და ადამიანის უფლებების მინისტრმა  გერმან გარავანომ თეა წულუკიანთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ნაკლებად პრივილეგიურ ჯგუფებში თანამედროვე და ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ქართული გამოცდილების გაზიარება.

საქართველოსა და არგენტინის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ურთიერთთანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმები; საჯარო სერვისები; ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან, ტრეფიკინგთან, ნარკომანიასთან, ფულის გათეთრებასთან, ტერორიზმის დაფინანსებასა და კიბერდანაშაულთან ბრძოლა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და ყოფილ მსჯავრდებულთათვის რეინტეგრაციის პროექტები; ასევე, სოციალურ რეინტეგრაციასა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებაში არსებული გამოცდილებების გაზიარება. არგენტინის მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია გენდერული საკითხებითა და ნებისმიერ სივრცეში ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის, აღმოფხვრის კუთხით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო რეფორმებისა და ინიციატივების გაზიარებით.

საქართველო-არგენტინას შორის გაფორმებული მემორანდუმი ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში, მხედველობაშია მიღებული დაინტერესებულ საკითხებში გამოცდილების გაზიარების კუთხით ორი ქვეყნის ექსპერტებისა და დელეგაციების შეხვედრების, სამართლებრივ საკითხებზე კონფერენციების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და ნებისმიერი სხვა სახის ღონისძიებების ორგანიზება.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, როგორც მემორანდუმზე ხელმომწერმა მხარემ, იმედი გამოთქვა, რომ სამართლებრივ საკითხებში საქართველო-არგენტინის თანამშრომლობა ორივე მხარისთვის წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები