„დუშეთს „ოცნებას“ ამოფარებული „ნაციონალი“ გამგებელი ჰყავს“
დუშეთის მუნიციპალიტეტის მოქმედ გამგებელს გიზო ჩოხელს “ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ კოალიცია “ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დუშეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კვლავ აღნიშნული პიროვნების წარდგენას აპირებს. როგორც “კვირასთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია “არაგველები 21“-ის დუშეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვაჟა საღინაშვილმა განაცხადა, გიზო ჩოხელი რაიონში “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას ატარებს და რეალური პრობლემების მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.
საღინაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩოხელი დუშეთის გამგებლად ახალი ხელისუფლების პერიოდში -2013 წელს დაინიშნა, მან საკრებულოში თავი კვლავ „ნაციონალებს“ მოუყარა.
„არაგველები 21-“ ის წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ჩოხელს დუშეთში გამარჯვების რეალური შანსები არ აქვს, რადგან მოსახლეობას იმედები ძალიან გაუცრუა.
„ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები, სადაც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დასახელებულია გიზო (ვაჟა) ჩოხელის კანდიდატურა. იმედია, დუშეთის მოსახლეობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაუსვამს წერტილს ზემოთ ხსენებული ”ქართულ ოცნებას” ამოფარებული ”ნაციონალი” კანდიდატის გიზო (ვაჟა) ჩოხელის საკუთარი ნებით გადაწყვეტილებებს, რომელიც ამ საარჩევნო კამპანიის წინასწარი მომზადებით ვირთხის სოროშიც კი ძვრება, რათა კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანოს დუშეთის მოსახლეობა“,- განუცხადა “კვირას“ ვაჟა საღინაშვილმა.