კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის“ ბანაკი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქაქთველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, ასევე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრნენ.
„რობოტექნიკის“ ბანაკი ბავშვების თვითშემოქმედებით გაიხსნა. მოსწავლეებმა სტუმრებს სხვადასხვა მუსიკალური ნომერი, ფლეშმობი და პერფომანსი წარუდგინეს. ახალგაზრდებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიმართეს. მათ ბანაკების მნიშვნელობასა და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე გაამახვილეს ყურადღება. „რობოტექნიკის“ ბანაკის გახსნის ცერემონიალი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დროშის აღმართვითა და ფიერვერკებით დასრულდა.
,,რობოტექნიკის“ ბანაკი 19 აგვისტოს ჩათვლით მოსწავლეთა 5 ნაკადს უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადში 290-მდე მოსწავლე იქნება. მათთვის ერთი კვირის განმავლობაში საინტერესო, მრავალფეროვანი, შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია გაწერილი. ერთი დღე კი, სამხედრო თემას დაეთმობა.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადი შემადგენლობის დახმარებით მოსწავლეებს ელექტრონიკის, რობოტექნიკისა და სამხედროს გაკვეთილები ჩაუტარდებათ. სწავლებისას გამოყენებული იქნება მეთოდი – ,,სწავლა კეთებით“. ბავშვები თავად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ელექტროდეტალების შექმნაში.
„მომავლის ბანაკს“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის უწყებათშორის კოორდინაციას ეროვნული გვარდია ახორციელებას.
პროგრამის მიზანია უზრუნველყოს საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენება, მათი მონაწილეობა სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებით ღონისძიებაში, მისცეს არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს მათი ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებას, სოციალური ინტეგრაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები