“უსაფრთხოების არარსებობა საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში არის სწორედ ის, რამაც რუსეთს მათი ტერიტორიების ოკუპირებისა და ანექსიისკენ უბიძგა”

„რუსეთი ცდილობს თავისი მეზობლები, უკეთეს შემთხვევაში, „ნაცრისფერ ზონაში” იყოლიოს, ხოლო უარეს შემთხევაში – თავისი ბატონობის ქვეშ”, – ამის შესახებ U.S. Atlantic Council-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გამართულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მოსმენაზე დეიმონ ვილსონმა ვრცლად ისაუბრა 2008 წლის რუსეთის აგრესიის და ნატო-ს ბუქარესტის სამიტის 10 წლისთავზე, კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე, არსებულ მდგომარეობასა და მის გავლენაზე, როგორც აშშ-ის ინტერესებზე, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.

დეიმონ ვილსონის თქმით, რუსეთის აგრესიამ გამოიწვია ახალი რეალობის შექმნა და ალიანსის წევრებს ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ უბიძგა.

„რუსეთის რევანშისტული პოლიტიკის და მის მიერ საერთაშორისო წესრიგის რღვევამ განაპირობა, რომ ბრუსელში ჩვენ გახლდით მოწმე იმისა, რომ მიუხედავად ტრანსატლანტიკური დაძაბულობისა და განსხვავებებისა, ალიანსის წევრებს შორის სუფევდა კონსენსუსი გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით. გაფართოების პოლიტიკა სტაბილურობის გარანტორია, ის ემსახურება აშშ-ს ინტერესებს, მიესალმება იმ ქვეყნებს ვინც მზად არიან იმ პასუხისმგებლობისთვის, რასაც ალიანსის წევრობა ითვალისწინებს და აძლიერებს ქვეყნების იმუნიტეტს რუსეთის მცდელობების მიმართ მოახდინოს მათი დესტაბილიზაცია”, – განაცხადა დეიმონ ვილსონმა.

მან დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაწეული ძალისხმევა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილი და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ქმნის სოლიდურ საფუძველს ინტეგრაციის პროცესის შემდგომი განვითარებისთვის, როცა ალიანსმა ქმედით ნაბიჯები უნდა გადადგას.
„მოკავშირეებმა მკაფიოდ უნდა დააფიქსირონ, თავიანთი პოზიცია, რომ გაფართოების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს მესამე მხარის ვეტო, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ოკუპაცია ვერ იქცევა დაბრკოლებად წევრობისთვის. სხვებთან შედარებით საქართველომ და უკრაინამ ბევრად მეტი იბრძოლეს ნატოს პრინციპების დასაცავად. ისინი მზად არიან წარმოადგენდნენ ალიანსის მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს. ორივე ქვეყანა თავდაცვის ბიუჯეტისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს გამოყოფს. საქართველო წარმოადგენს ნატო-სა და სხვა საერთაშორისო მისიების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონტრიბუტორს. თუ დავუშვებთ ამ ქვეყნების მისწრაფებათა რუსეთის საოკუპაციო და დაშინების პოლიტიკის მძევლად ქცევას, ეს იქნება წინაპირობა ევროპაში კონფლიქტებისა და არასტაბილურობის შესაქმნელად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი თავისუფლების ფლაგმანები არიან და საბოლოოდ უნდა დავუმკვიდროთ მათ ადგილი ალიანსში, რაც ევროპის აღმოსავლეთით მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიაა“,-აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.
აღსანიშნავია, რომ მოსმენა, თემაზე „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა”, 17 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში გაიმართა.

კომისიის წევრების წინაშე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი, U.S. Atlantic Council-ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები