პრეზიდენტი: ნებისმიერი პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და არ ჰგავდეს „ტრაქტორებისა“ და „კაბელების საქმეებს“

აღნიშნული პროცესი არ უნდა დაემსგავსოს იმ საქმეებს, რომელიც ამ მიმართებაში გვახსოვს. ეს არ უნდა იყოს „ტრაქტორების საქმე“ და ეს არ უნდა იყოს „კაბელების საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული კითხვები, თუ როგორ ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები.
„მიმაჩნია, რომ მთავარი შემადგენელი ამ პროცესში არის, რომ პროცესები მიმდინარეობდეს, რაც შეიძლება, გამჭვირვალედ, საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები. საზოგადოებას აქვს კონკრეტული კითხვები იმასთან მიმართებაში, რანაირად ფორმირდება ხელისუფლების ვექტორები და ძირითადი ორიენტაციები. გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან პირველივე დღეს აღვნიშნე, რომ არ შეიძლება საქართველოში პრემიერ-მინისტრები უცებ, უარგუმენტოდ ქრებოდნენ პოლიტიკური პროცესიდან. ეს კითხვა გაგრძელდა აჭარასთან მიმართებაში, როდესაც ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა პარტიას და წავიდა თანამდებობიდან, ეს კითხვა მაქვს მე და შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც ამას მოჰყვება, უმნიშვნელოვანესია, იყოს უაღრესად გამჭვირვალე.
აღნიშნული პროცესი არ უნდა დაემსგავსოს იმ საქმეებს, რომელიც ამ მიმართებაში გვახსოვს. ეს არ უნდა იყოს „ტრაქტორების საქმე“ და ეს არ უნდა იყოს „კაბელების საქმე“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები