პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად ასახელებს.

“დაახლოებით სამი დღის წინ ვიყავი აჭარაში, გავმართე კონსულტაციები. იმ მომენტისთვის, როდესაც მე გავმართე კონსულტაციები, “ქართული ოცნების” მიერ ერთი კანდიდატურა – თორნიკე რიჟვაძე იყო წარმოდგენილი. ოპოზიციასთან მე გამოვხატე გაკვირვება, რომ ალტერნატიული კანდიდატურა არ იყო წარმოდგენილი, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე.

მე თავისთავად, დადებითად მივიჩნევ კანდიდატურების დასახელების და საზოგადოებისთვის წარდგენის დემოკრატიულ პროცესს და მიმაჩნია, რომ კონკურენტული პოლიტიკური გარემო ქვეყნის დემოკრატიული ფუნქციონირების წინაპირობაა.

ამასთან ერთად, გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. შემდგომ პროცედურებს ანა ნაცვლიშვილი გაივლის აჭარის უმაღლეს საბჭოსთან”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები